ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე, გიგა ბუკია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას არამიზანშეწონილად მიიჩნევს, რადგან, როგორც ბუკია აცხადებს, იუსტიციის მინისტრმა საქართველოში ბევრი წარმატებული რეფორმა განახორციელა.
,,ვთვლი, რომ იუსტიციის მინისტრი საკმაოდ წარმატებული მინისტრია, მან ძალიან ბევრი სერიოზული რეფორმა განახორციელა და ის დამოკიდებულება, რომ თეა წულუკიანი უნდა გადაგდეს, ან არ უნდა იყოს ქვეყნის მმართველობთ ორგანოებში, არასწორია. განსაკუთრებით, არასამთავრობოების მიერ საკითხის ასე დაყენება არ შეეფერება მათ სტატუსს. მიმაჩნია, რომ წულუკიანი საკმაოდ კვალიფიციური და წარმატებული მინისტრი იყო აქამდე, ხოლო, რაც შეეხება მომავალში რა ადგილს დაიკავებს, ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი იქნება“,_ გვითხრა ბუკიამ.
ცნობისთვის, დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, ამ დრომდე, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.