პოლიტიკის ექსპერტი და კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ძაბირაძე ,,გურია ნიუსთან“ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ძაბირაძე გვეუბნება, სტრუქტურული ცვლილებები უშედეგოა, რადგან, მისი თქმით, ქვეყნის მრავალწლიანი გამოცდილება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით რაიმე დადებითი შედეგის მომტანი არ ყოფილა
,,ბოლო 30 წლის განმავლობაში სამინისტროები საკმაოდ ბევრჯერ გაერთიანდა. სულ ახლახანს, დაახლოებით, ერთი წლის წინ კვირიკაშვილმა 18 სამინისტრო 14-მდე შეამცირა, ამ ცვლილებებმა რა შედეგი მოგვიტანა ან რა შედეგს მოგვიტანს ვინმემ იცის? ასეთი მექანიკური გაერთიანებები შედეგს არ იძლევა. ამასთან, ის არგუმენტები, რომლებიც დღეს სამინისტროების გაერთიანების სასარგებლოდ გაჟღერდა არაერთხელ არის ნათქვამი, მაგრამ რა შედეგი მივიღეთ? განათლების სამინისტრო ცალკე რომ იყო რა შედეგი მოიტანა? ყველა ხელისუფლება ამბობს, რომ ახორციელებს განათლების რეფორმას, მაგრამ სისტემა უკან და უკან მიდის. რეალურად ცდებს ატარებენ ან პიარზე მუშაობენ“, _ გვითხრა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, დღეს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში არსებული 14 სამინისტროდან 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იარსებებს. ამასთან, როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები სამთავრობო ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.