იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შვებულებაში გავიდა, _ ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა შვებულება ჯერ კიდევ ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს რამდენიმე თვის წინ შეუთანხმა, მოგვიანებით კი ახალ პრემიერ-მინისტრსაც აცნობა.
“ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული მრავალი კითხვის პასუხად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება შვებულებაში შვილთან და მეუღლესთან ერთად და სამინისტროს დაუბრუნდება 9 ივლისს. მოცემული შვებულება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იქნა შეთანხმებული პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მინისტრის ივლის-აგვისტოს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე.
შვებულების შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, 9 ივლისს, 14 საათზე, მინისტრი გახსნის საზოგადოებრივ ცენტრს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში”, –წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
სამთავრობო ცვლილებების ფონზე, მედიაში საუბრობენ იმის შესახებ, დარჩება თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში. უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ღიად აცხადებს, რომ წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა მისი კოლეგებისა და თანაგუნდელების ნაწილი ჭიჭინაძის მოსაზრებას არ ეთანხმება.