საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა. ამის შესახებ 1tv წერს.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
პრეზიდენტის ბრძანების დასამტკიცებლად, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. უკვე გახსნილია ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი სამანქანო გზა. მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის იმ ადგილების გამაგრება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას. ადგილზე შევიდა დამატებითი მძიმე ტექნიკა. გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ „ქართული ოცნების“ ახალგზრდული ფრთის წარმომადგენლები. ადგილობრივებს დაურიგდათ საკვები პროდუქტები.
5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა.
განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დაანგრია რამდენიმე სახლი.