ბრიტანელმა სამართალდამცავებმა სერგეი და იულია სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილების ვინაობა დაადგინეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების მონაცემები და იმ ადამიანების პერსონალური მონაცემები შეისწავლეს, ვინც შევიდა ქვეყანაში შემთხვევის დროს. გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ დანაშაული რუსეთის რამდენიმე მოქალაქემ ჩაიდინა.
მაუწყებლის ცნობით, პოლიციას კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთში, ამ თვის დასაწყისში, ნერვულ აგენტით მოწამვლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმე მდგომარეობაშია.
მაუწყებლის ინფორმაციით, გამომძიებლებს აქვთ თეორია, რომლის მიხედვით, წყვილმა პარკში სუნამოს ბოთლი იპოვნა, რომელშიც გამანადგურებელი ნივთიერება იყო და სითხის კანზე მოხვედრის შედეგად მოიწამლა.
როგორც ინგლისის ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, საზოგადოებას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მოქალაქეებს მოუწოდებენ შპრიცები, ნემსები, მინისა და პლასტმასისგან დამზადებული საგნები, ან სხვა უცნობ ნივთებს ქუჩაში ხელი არ მოკიდონ.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში, რუსეთის ყოფილი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოსაწამლად ძალიან მცირე რაოდენობის მომწამლავი სითხე გამოიყენეს. თავდასხმა 4 მარტს მოხდა.
მომხდარში დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს, რომელიც ბრალდებას უარყოფს.