ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი _ ,,ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯერჯერობით, არ დაუსახელებია, თუმცა მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ მათ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების მოგება პირველივე ტურში არ გაუჭირდება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსულტაციები თვის ბოლოს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში დაიწყება, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა გამოიკვეთება.
,,ჩვენს პოლიტიკურ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უმარტივესად შეუძლია პირველ ტურში ამ არჩევნების მოგება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე და ამ კონსულტაციებით გაირკვევა, თუ როგორ წარვდგებით საპრეზიდენტო არჩევნებში“, _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,სამოქალაქო რეფორმაციის“ დამფუძნებელი, ანდრო ბარნოვი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება.
მისი თქმით, ,,ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ სხვა კანდიდატს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ალტერნატივა არ გააჩნია.
,,დარწმუნებული ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილი დაასახელებს საკუთარ თავს. სხვა შანსი ,,ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, არ აქვს. ეს არის ერთადერთი თეორიული შანსი, როდესაც შეიძლება, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიმარჯვოს. სხვა ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც აქამდე დაუსახლებიათ ან შეიძლება მომავალში დაასახელონ, იმდენად უფერულია, რომ, მერწმუნეთ, აუცილებლად დამარცხდებიან. სალომე ზურაბიშვილი წარმოუდგენლად კომიკური ფიგურაა, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის“, _გვითხრა ბარნოვმა
,,გურია ნიუსი“ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელს, კახაბერ ოქრიაშვილს ესაუბრა. ოქრიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
_ ადრეც მქონდა ნათქვამი, რომ თუ ბატონი ბიძინა სრულად დაბრუნდება პოლიტიკაში, არა მარტო პარტიის ხელმძღვანელად, არამედ პრემიერ–მინისტრად, საზოგადოებისთვის კარგი იქნება. კი ბატონო, საპრეზიდენტო კანდიდატადაც საუკეთესო კანდიდატი იქნება თუ თვითონ მოისურვებს“, _ გვითხრა ოქრიაშვილმა.
_ ბატონო კახაბერ, როგორ ფიქრობთ, სურს ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა?
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია ამასთან დაკავშირებით. ვისაც ,,ქართული ოცნება“ დაასახელებს, ჩემს საარჩევნო ოლქში იმ კანდიდატს დავუჭერ მხარს და ვიმუშავებ, როგორც მისი შტაბის წევრი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ დასახელდება.
_ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერთ?
_ კი, რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს ძალიან დიდ პატივს ვცემ.
ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია დაუჭერს თუ არა მას მხარს ,,ქართული ოცნება“. მმართველი გუნდის ერთ-ერთი სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელზეც გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის, ბიძინა ივანიშვილია. საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თვის ბოლოს გახდება ცნობილი.