“ხორავას ქუჩის” საქმესთან დაკავშირებით დაკავებული არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ბრალდების მხარე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. დაკავებულ არასრულწლოვანს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.
„მან გამოძიებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, ასევე სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება ისეთი სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც ბრალდებული იმხილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარე დ.ღ.-ს ედავება იმაში, რომ გამოძიების ეტაპზე მან განაცხადა, რომ ურთიერთდაპირისპირებისას დავით სარალიძემ ფიზიკური ზემოქმედებით შეიყვანა გ.ჯ. და მ.კ. ფარდულში და სამ ადამიანს შორის გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირება, შემდგომში ეს ინფორმაცია გადაასხვაფერა, შეცვალა და შესაბამისად მიაწოდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ გ.ჯ.-ს და დავით სარალიძეს შორის მიმდინარეობდა ეს დაპირისპირება,“ – განაცხადა პროკურორმა.
პროკურატურის მოთხოვნას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატების განცხადებით, სასამართლო პროცესზე ისინი არასრულწლოვნის გირაოს საფუძველზე გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.
დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. წარდგენილ ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება. დ.ღ. ადასტურებს, რომ მას სასამართლო პროცესამდე კომუნიკაცია ჰქონდა მოკლული დავით სარალიძის მამასთან, რაც სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს დამალა. თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან დაკავებულის მშობლები.