„იმ პოზიციის შემდეგ, რომელიც გუშინ პარტიის თავმჯდომარემ დააფიქსირა, კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
ეყოლება თუ არა „ქართულ ოცნებას“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი თუ ბიძინა ივანიშვილი და მართველი ძალა ოპოზიციურ ან სხვა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, არჩილ თალაკვაძის თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
„შესაძლოა, რამდენიმე დღეში ჩვენი პოზიცია იქნება ცნობილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. გუნდში არაერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია არჩევნებში მოგება, თუ ჩაერთვება საპრეზიდენტო კამპანიაში. ეს არის თუნდაც, ბატონი დავით სერგეენკო, ბატონი სოზარ სუბარი, ბატონი გიოგი კახიანი. საზოგადოებაში არის დიდი სურვილი, თავად ბატონმა ბიძინამ მიიღოს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ასევე ჩვენთვის ცნობილია მისი პოზიცია, რომ მას არ აქვს სურვილი, რომ ეს არჩეული თანამდებობა დაიკავოს,“– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.