დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას მიერ გამართული საგანგებო ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს ის თანამდებობის პირები, რომლებმაც 2018 წლის 15 ივნისს, საკრებულოს შენობაში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ბესო ქათამაძე სცემეს, თანამდებობებიდან გადადგნენ:
“2018 წლის 15 ივნისს საჯარო სივრცეში ატვირთული მასალის გამო წარმოიშვა ინციდენტი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც გამოიწვია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბესიკ ქათამაძის სხეულის დაზიანება. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
ასევე, დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ინციდენტში მონაწილე ფრაქცია “კონსერვატორების” თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ და ფრაქცია “მწვანეების” თავმჯდომარემ გენო ჩავლეშვილმა”, _ განაცხადა დავით დარჩიამ.
საკრებულოს თავმჯდომარეს ამ საკითხზე დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. ამ დრომდე მედიასთან კონტაქტზე არ გამოსულან აწ უკვე ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც არც ბრიფინგს დასრწებიან.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს აროშიძეს, ჭაკნელიძეს და ჩავლეშვილს. “გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის კანდიდატურაა შერჩეული. წყაროს თქმით, მმართველმა გუნდმა არჩევანი მარიკა ჩხიკვიშვილზე გააკეთა.
ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ჩვენგან გაიგო და მასთან თემაზე არავის უსაუბრია.
კომენტარს არ აკეთებს არც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია _ ის ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
საკრებულოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ჯერჯერობით არცერთ კანდიდატურაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ:
_ ფრაქციის სხდომები უნდა გაიმართოს და თავმჯდომარე დეპუტატებმა უნდა აირჩიონ. ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება მირებული არ არის, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ზედგენიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბესო ქათამაძის ცემის გამო ოზურგეთში რამდენიმე დღის განმავლობაში აქციები მიმდინარეობდა და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 5 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ კიდეც.
ისინი იმ ადამიანების თანამდებობიდან გადადგომას და დასჯას ითხოვდნენ, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე ბრალი მხოლოდ ტარიელ აროშიძეს აქვს წაყენებული და ის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.