ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მესამე დღეა აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა აჭის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებას აპროტესტებს. დღეს აქციის მონაწილეებმა სამუშაოს შესრულების უფლება არ მიცეს მუშებს.
აქციის მეორე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავა იმყოფებოდა.
ლავრენტი ბიგვავას თქმით, აჭის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთან დაკავშირებული პრობლემების გარშემო, როდესაც პირველი აქცია გაიმართა, საკრებულო აქტიურად ჩაერთო მოსახლეობის მიერ წამოჭრილი პრობლემების შესწავლაში.
„შესაბამისად, საკრებულოს კომისია, მაჟორიტარ დეპუტატებთან _ ლევან და გიორგი თოიძეებთან ერთად შეხვდა მოსახლეობას. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მივმართეთ ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სააგენტოებს. სამინისტროდან ჩამოვიდა სპეციალისტების ჯგუფი, რომლებმაც შეისწავლეს აჭის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემები. ისინი დაგვპირდნენ, რომ მოამზადებდნენ შესაბამის დასკვნას და დროულად მოახდენდნენ რეაგირებას.
2 აგვისტოს, წიაღისეული მოპოვების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, მათი მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ერთ-ერთ ინდმეწარმეს და ფიზიკურ პირს, რომლებიც ფლობდნენ შესაბამის ლიცენზიებს ქვიშა-ხრეში მოპოვებაზე, ჰქონდათ გარკვეული დარღვევები და ისინი დაჯარიმდნენ. საქმე გადაეცა სასამართლოს და შესაბამისი სამსახურები ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას“, _ თქვა ბიგვავამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსს მაია ზავრიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს ნინო თანდილაშვილს წერილობით მიწერა და საქმით დაინტერესებას სთხოვდა.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული წერილის თანახმად ირკვევა: „სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გახორციელებული იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურისა და მაკვანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყალზე ი/მ “სალომე ვაშალომიძეზე“, ფიზიკურ პირზე ლავრენტი ქვილორიაზე, ფიზიკურ პირზე არჩილ კუნჭულიაძე, ფიზიკურ პირზე ბიჭიკო ანთაძეზე და შპს “კავკაზ ცემენტ ჯორჯიაზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების შესრულების მდგომარეობის დათვალიერება/შესწავლა.
ადგილზე დათვალიერება/შესწავლით დადგინდა, რომ არჩილ კუნჭულია, ბიჭიკო ანთაძე და “კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ არ აწარმოებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს, შესაბამისად, აღნიშნული ლიცენზიის პირობების დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირდა.
ლავრენტი ქვილორიას და სალომე ვაშალომიძის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება გახორციელებულია წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე, რაზედაც ლავრენტი ქვილორიას მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ხოლო სალომე ვაშალომიძის მიმართ _ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომლებიც განსჯადობის მიხედვით გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში.
ასევე, დათვალიერება/შესწავლით და მასალების კამერალური დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ სალომე ვაშალომიძეს ქვიშა-ხრეშის მოპოვებით სამუშაოები გახორციელებული აქვს ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ, რასთან დაკავშირებითაც, კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით, მასალები გაიგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სასამართლოში“, _ წერილს ხელს აწერს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კარლო ლაფერაძე.
სოფელ ლიხაურში გამართულ აქციაზე “გურია ნიუსმა“ ადგილობრივები ჩაწერა.
სოფელ ლიხაურში გამართულ აქციას ათობით ადამიანები გამოვიდა.
ნანა სარიშვილი, სოფელ ლიხაურში მცხოვრები: ვინც, ახლოს ვცხოვრობთ მდინარე აჭის დასახლებასთან, ყველამ კარგად ვიცით მდინარის ადიდების დროს, რა საშინელება ხდება. ძალიან ბევრი ჭა და ღრმული დატოვეს გათხრების შემდეგ. მდინარეში ორი სოფლის ბავშვები ბანაობენ. არავინ იცის, სად ჩაუვარდება ბავშვებს ფეხი და შეიძლება, ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდეს. არ ვიცი, რა კატეგორიის ხალხია, ვინ გვებრძვის, ვინ გაყიდა მდინარე! აქამდე ვიცოდი, რომ მდინარე არ იყიდებოდა. ასეთი წარმოდგენა მქონდა მდინარეები იყო სახელმწიფოს. ერთხელ სკოლაში რომ წავედი, უკან დაბრუნებისას სახლში ვერ შევედი, იმხელა წყალი გადმოსულიყო მდინარიდან და იძულებული ვიყავი სხვა გზიდან მივსულიყავი სახლში.
ჯანიკო გორდელაძე, სოფელ ლიხაურის მცხოვრები: მე ვარ ლიხაურელი, პატრიოტი ადამიანი, ამ ჭალაში დავიბადე და გავიზარდე. ყველას ვთხოვთ _ ექვთიმე თაყაიშვილის ხათრიზა ერთი სოფელი გურიაში დათმონ და არ გააფუჭონ, არ ააოხრონ. იყო შემთხვევა, აჭის ხეობაში სამშენებლო ქვა აღმოაჩინეს. კინაღამ დაგვწყვიტეს ამის გამო, „დევის“ ქვის აღება უნდოდათ. ეს „დევის“ ქვა გულია ლიხაურის, ძალიან დიდი ომები გადავიტანეთ. საჭმელს არ ვითხოვთ, სასმელს არ ვითხოვთ და ამ მდინარეს ნუ გადაგვირევთ. კაცმა საღორე რომ ააშენოს მდინარის სანაპიროდან ერთი ტომარა ხრეშის გამოტანის უფლება არ აქვს. თუ გამოიტან მაშინვე 500 ლარით დაგაჯარიმებენ და აგერ, ოთხ-ხუთ კაცს მილიონი ტონა მიაქვს. ხელისუფლებამ უნდა მოგვაქციოს ყურადღებას, თორემ საპროტესტო აქციებს არ მოვაკლებთ. მთელი სოფელი დავდგებით ფეხზე, სანამდე არ ჩამოგვშორდება ეს ხალხი, დაძინებას არ ვაპირებთ.
რამაზ სირაძე, სოფელ ლიხაურში მცხოვრები: 25 წლის წინ ამ ქუჩაზე სტიქია იყო, წაიღო გზა და ხალხმა თავიდან გავაკეთეთ, ასევე, წყალმა წაიღო ელექტრო ბოძები. არ მინდა ეს განმეორდეს!
მე ამ ქვეყნად ერთი გოგო და სიძე მყავს. ყველამ იცის ჩემი ტრაგედია. დაფიცებული მაქვს, ვინმე აქ მუშაობა არ დაიწყოს, არ ვიცი რა მოხდება, ქვა მექნება _ ქვას ვესვრი, თოფი მექნება _ თოფს ვესვრი, არ დავუთმობთ. თუ ვერ გამოვალ ცოცხალი ამ ბრძოლიდან, ჩემი სოფლის წინაშე ვალი მოხდილი მექნება.
სალომე დონაძე, დამსვენებელი: ჩვენი სოფელი წარმოუდგენელია მდინარე აჭის გარეშე. ვინც ჩამოდის, აღფრთოვანებულია ჩვენი სოფლის სილამაზით. შარშან, ახალი ჩამოსულები ვიყავი, ბიძაშვილებთან ერთად საბანაოდ წავედით და მდინარე არ დაგვხდა, კალაპოტი მდინარის შორს იყო გადაგდებული. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ამ ხელოვნურმა ჩარევებმა, სანამდე მიგვიყვანა და რამდენი სტიქია დაგვატყდა თავს. ვხედავთ, როგორი ცუდი შედეგები მოაქვს ასეთ ქმედებებს.
ნიკა გორდელაძე: სოფელს დღემდე შენარჩუნებული ჰქონდა იერსახე და ასე უნდა გაგრძელდეს საუკუნეების მანძილზე. გარკვეული პიროვნებების ჯგუფი ჯიბის გასქელებისთვის და თავისი კეთილდღეობისთვის სოფელს უქმნის საფრთხეს. აქედან 100 მეტრში წყალმა სანაპირო წაიღო, ხალხს ყანები აქვს, სიმინდს წყალმა ძირი გამოუთხარა. ეს ხალხის საკუთრებაა, ხალხზე კი არვინ ფიქრობს.