დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია, სავარაუდოდ, არჩევნებში მხარს დაუჭერს, არაერთი სკანდალური განცხადებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას.
2014 წელს, აგვისტოს ომის წლისთავი სრულდებოდა, როცა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაში ქართული მხარე ღიად დაადანაშაულა.
,,იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე, ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა, გამოიწვია მოსალოდნელი (და წინასწარ გამოცხადებული) რუსეთის სამხედრო რეაქცია, მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და ,,გეგმიურ“ ტერიტორიების დაკარგვას, ჯერ კიდევ ამ დანაშაულისთვის გასამართლებული არავინაა“, _ დაწერა ზურაბიშვილმა.
_ როგორ შეიძლება შეფასდეს ზურაბიშვილის აღნიშნილი განცხადება?_ ამ კითხვით სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი მენაღარიშვილს მივმართეთ.
მენაღარიშვილი ეჭვქვეშ არ აყენებს, რომ აგვისტოს ომის პროვოცირებაში ლომის წილი რუსეთის მხარეს მიუძღვის.
,,ეს იყო რუსეთის ომი, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგად გვესმოდეს. ქართულ მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობისა, რომელიც კარგად გარკვეული არ არის, რაც ჩვენი სირცხვილია.
ომის შემდეგ, ქართულმა მხარემ დადგა ორი სპექტაკლი _ ე.წ. საპარლამენტო კომისიის გამოძიებაზე მაქვს საუბარი, რომელსაც იუმორისტული წარმოდგენის გარდა ვერაფერს დაარქმევ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იყო ცნობილი, რომ ომი სწორედ რუსული მხარის მიერ იყო ინიცირებული, ქართულ მხარეს თავისი საკითხები ჰქონდა გასარკვევი, რომლის მოგვარებასაც საშველი ვერ დაადგა“, _ გვითხრა მენაღარიშვილმა.
მენაღარიშვილმა „გურია ნიუსთან“ დაწვრილებით ისაუბრა, რა პროცესები უძღოდა წინ აგვისტოს ომს.
,,ცნობილია, რომ ამ ომის დაწყებამდე, რუსეთის ცნობილი 58-ე არმია ატარებდა წრთვნებს, რომლის დასრულების შემდეგ, მისი გარკვეული ნაწილი არ დაბრუნებულა ლოკაციის ადგილზე. მობილიზებული ნაწილი განლაგებული იყო როკის გვირაბთან და ელოდა საქართველოში შემოსვლის ბრძანებას, ამიტომ სრულიად ნათელია, ვინ ამზადებდა ომს. ომი რუსეთმა დაიწყო, სხვათაშორის, ჯერ კიდევ 1990 წელს“, _ გვითხრა მენაღარიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი დღესაც ფიქრობს, რომ აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, ზურაბიშვილმა განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა:
,,ჩვენ იმ დროს (2008 წელს) ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების“,_აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მმართველი გუნდი აგვისტოს ომის პროვოცირებაში რუსეთს ადანაშაულებს, ამიტომ საინტერესოა, კიდევ რა საკითხებზე აქვთ განსხვავებული პოზიციები მმართველ პარტიასა და ზურაბიშვილს, რომლის მხარდაჭერას საპრეზიდენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ აპირებს.