ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ზურა ვაშალომიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის სტუდენტი გახდა და ის ოთხი წლის განმავლობაში სრულად დაფინანსდება.
“ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი გავხვდებოდი. რამდენიმე დღის წინ დამირეკეს და შეხვედრაზე მიმიწვიეს. გასაუბრება გაიმართა და შემდეგ ოზურგეთში დავბრუნდი. გუშინ გავიგე, რომ სრული დაფინანსება მივიღე. ძალიან ძნელია იქ მოხვედრა და ეს იყო მოულოდნელი სიუპრიზი, რომელსაც არ ველოდი, არადა, მინდოდა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი ვყოფილიყავი. როდესაც უნივერსიტეტებს ვარჩევდი, შემთხვევით მივაწერე სან დიეგოს უნივერსიტეტი. ახლაც ვერ ვიჯერებ იმდენად ემოციებში ვარ“, _ გვითხრა ზურა ვაშალომიძემ.
მეორე საჯარო სკოლის დირექტორის ფატი სიორიძის თქმით, ზურასგან წარმატებებს მიჩვეული არიან, როგორც პედაგოგები, ისე საზოგადოება.
“წელს ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, რითაც ვამაყობთ და ბედნიერები ვართ. რაც შეეხება ზურას წარმატებას, ეს არის ნამდვილად ცოდნის ზეიმი, რადგან ის ძალიან მონდომებული, განათლებული და წარმატებული ახალგაზრდაა“, _ თქვა ფატი სიორიძემ.
ზურა სწავლას სან დიეგოს უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში სექტემბერში დაიწყებს და არ გამორიცხავს მომავალში ამერიკაში გააგრძელოს სწავლა.