რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ა-მ აზერბაიჯანში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ,,მეთადონი”, ,,მეტამფეტამინი” და ,,ჰეროინი”, რომლებიც სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 19 თებერვალს, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ,,წითელი ხიდის” გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
სამართალდამცავებმა ი.ა საქართველოში შემოსვლისთანავე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდში” დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 0,386 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი” (მარილი), დიდი ოდენობის 0,5811 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი” (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობის 6,2437 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”. ი.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.