საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის პირისპირ შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
ისაუბრეს საქართველო-გერმანიის თანამშრომლობაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესზე, ასევე ქვეყნის წვლილზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიღწევები ევროკავშირთან თანამშრომლობის და ასოცირების შეთანხმების ეფექტური განხორციელების მიმართულებით.
პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ გზის ერთგულია. მან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად შეაფასა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება გერმანული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს და დარწმუნებულია, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას გააძლიერებს ბიზნესდელეგაციის ვიზიტი საქართველოში
მამუკა ბახტაძის პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მხარეებმა ასევე ისაუბრეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა.
პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ წელს საქართველო-გერმანიის წელი აღინიშნება. შეხვედრას გერმანიის მხრიდან სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში , კანცლერის მრჩევლები ესწრებიან საქართველოს მხრიდან კი შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა, საგარეო, განათლების და ფინანსთა მინისტრები.