2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, სკოლების უსაფრთხოების თემებზე, თბილისის 30-მდე საჯარო სკოლის დირექტორს შეხვდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. მართლაც წარმოუდგენელია შეგვემუშავებინა ნებისმიერი რეკომენდაცია ისე, რომ არ მოგვესმინა ამ ადამიანებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ სკოლის დირექტორს, რომელსაც ძალიან ბევრი მოვალეობა აქვს და მთავარი ფიგურაა სკოლაში, უფლებებიც უნდა ჰქონდეს განსაზღვრული, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებითაც. ვფიქრობ, რომ მანდატური სკოლაში უნდა ექვემდებარებოდეს სკოლის დირექტორს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მოვთხოვთ მას კრიზისების დროს მართვას და კონტროლს”, – განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, სერგო რატიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.