ბატონი პეტრე მამრაძე ერთ „საინტერესო შემთხვევას“ ხშირად იგონებს.
„ბრეჟნევის დროს იყო პერიოდი, როცა საბჭოთა კავშირიდან ყველა გარბოდა, ვისაც შანსი ჰქონდა. გარბოდნენ მოცეკვავეები, მსახიობები, მეცნიერები, ანუ ვინც გააღწია, უკან აღარ ჩამოდიოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მფრინავი, ლეიტენანტი ბელიანკოც კი გაიქცა თავის თვითმფრინავიანად იაპონიაში. აი, ამ ფონზე საბჭოთა კოსმონავტები იყვნენ კოსმოსში და სადაცაა დაბრუნდებოდნენ. შევედი ინსტიტუტში სერიოზული სახით და ვამბობ:
– გაიგეთ, რა მოხდა?
– არა, არაფერი ვიცით, გვითხარი, – შემომეხვივნენ.
– დილით „ამერიკის ხმამ“ გადმოსცა, რომ ჩვენი კოსმონავტები შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დამსხდარან და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ.
მართალია, მე ვიხუმრე, მაგრამ დიდი ამბავი ატყდა!
ნახევარი საათის შემდეგ მაღლივ კორპუსში მივედი, სადაც გამომთვლელ მანქანაზე ვმუშაობდი. ვხედავ, ხალხი აქეთ – იქით დარბის, მუშაობა აღარავის ახსოვს.
– რა ამბავია? – ვეკითხები თანამშრომელს.
გაკვირვებულმა შემომხედა:
– მთელმა ქვეყანამ იცის და შენ არ იცი? ჩვენი კოსმონავტები ამერიკაში დამსხდარან!
არ მეგონა, თუ ჭორი ასე მალე ვრცელდებოდა თბილისში. ჩემი ავტორობა გასაგები მიზეზის გამო არ გამიმხელია.“