ნიუ-იორკის სასამართლომ საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუს ანდრეი ტიურინს, რომელსაც ბრალად ედება კლიენტების პირადი ინფორმაციის მოპარვა, გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ნიუ-იორკში რუსეთის გენერალურ საკონსულოზე დაყრდნობით ინფორმაციას “რია” ავრცელებს.
საქართველომ აშშ-ს ჰაკერობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინი 7 სექტემბერს გადასცა. მანჰეტენის პროკურორ ჯეფრი ბერმანის თქმით, რუსეთის მოქალაქე ტიურინი საქართველოში დააკავეს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მანიპულაციის, უკანონო ონლაინ აზარტული თამაშების და თაღლითური სქემების შემუშავების გამო.
imedinews-ის ინფორმაციით ტიურინის ექსტრადიცია აშშ-ის შემდეგ რუსეთის ფედერაციამაც მოითხოვა. საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ, რომ სასამართლომ ანდრეი ტიურინის ექსტრადიცია დასაშვებად ცნო.
პროცედურის თანახმად, ასეთ დროს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს გადასცემენ ბრალდებულს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იღებს.