ქალაქ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გოგა ტრაპაიძე გმირ ოზურგეთელთა ბიუსტების საპატიო ადგილას დადგმის ინიციატივით გამოდის და ამასთან დაკავშირებით მის მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“XX საუკუნის 80- იანი წლებიდან ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში დიდი წვლილის შეტანისათვის, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მინიჭებული: კ. ლესელიძის, პ. ჩანჩიბაძის, ვ. კვაჭანტირაძის, ვ. ლესელიძის, ს. ჩხაიძის, ე. ტუღუშის, ნ. დუმბაძის ბიუსტები, რომელთა დემონტაჟი გახორციელდა 2012 წლის იანვარში. მას შემდეგ ბიუსტები დაცვის მიზნით შემოტანილი იქნა ისტორიული მუზეუმის შენობის მარჯვენა ფლიგელში, ხოლო 2016 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც დაიწყო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისათვის გადაცემული აღნიშნული ფლიგელის რეაბილიტაცია, ბიუსტები გადმოტანილი იქნა შენობის მარცხენა ფლიგელის ფოიეში. ვიმედოვნებთ, რომ გმირ ოზურგეთელთა ბიუსტებს საპატიო ადგილს მიუჩენენ იმ სკვერში, სადაც დგას ფაშიზმზე გამარჯვების ობელისკი და გმირთა უკვდავსაყოფად ანთია მარადიული ცეცხლი…“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით ასეთია: “კ. ლესელიძის, პ. ჩანჩიბაძის, ვ. კვაჭანტირაძის, ვ. ლესელიძის, ს. ჩხაიძის, ე. ტუღუშის, ნ. დუმბაძის ბიუსტები, ისტორიული მუზეუმის შენობის ერთ-ერთ ფლიგელში ინახება. 2019 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებენ, რამდენად შესაძლებელი იქნება ძეგლების განთავსება ფაშიზმზე გამარჯვების ობელისკთან”.