პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ახალი ხედვა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა 2022 წლისთვის საჯარო სკოლების მასწავლებლის ხელფასი უნდა გაიზარდოს სამჯერ. 2018-2019 წელს კი გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე პედაგოგი მიიღებს.
პრემიერის ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება პარლამენტს, სადაც იქნება უზრუნველყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, ის, რომ სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი ეკონომიკაში.
„ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაცია ამ დიდი პროექტების განსახორციელებლად. განათლების რეფორმაში იქნება ხუთი მიმართულება ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი და მეცნიერება. სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან სწორედ განათლება ადრეული ასაკიდან აისახება შემდეგ საფეხურებზე.
რეფორმირებული სკოლა იქნება ორიენტირებული მოსწავლის პიროვნების განვითარებზე. 2019 წელს დავიწყებთ 50 სკოლით და ეტაპობრივად მოვახდეთ ჩვენს სკოლებში ახალი მოდელის დანერგვას, 2023 წლისთვის 2000- ზე მეტ სკოლაში იქნება დანერგილი ახალი მოდელი. ყველა სკოლა საქართველოში უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის. გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე 2018-2019 წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს წელს 10 000 -მდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის, საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზრდოს სამჯერ. ძლიერ თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც სკოლას მართვის ახალი მოდელით მართავს,“ – აღნიშნა პრემიერმა.