შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დიღმის მასივში, 2002 წელს დაბადებულ შ.ჯ.-ს ბასრი საგნით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან 3 საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.