“გურია ნიუსის“ მოპოვებული ინფორმაციით, 20 სექტემბერს, ქალაქ ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.
„ქართული სიმღერა უნიკალურია მთელს მსოფლიოში, თავისი მრავალხმიანობითა და ტრადიციული საგალობლებით. თავის მხრივ, კიდევ უფრო გამორჩეულია გურია. სწორედ გურიაშია ყველაზე კარგად შემორჩენილი საგალობლების ცოცხლად შესრულების ტრადიცია, ამიტომაც ის უნიკალურია თავისი პოლიფონიურობით. გარდა ამისა, გურია დასავლეთ საქართველოს გულია, ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა სწორედ გურიაში გახსნილიყო. ამასთან, ოზურგეთი დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლებისათვის მთავარი საკომუნიკაციო ცენტრი გახდება. ვიმედოვნებთ, რომ გამოფენები და კონცერტები თბილისიდან ოზურგეთში გადაინაცვლებს და ამით ცენტრი უფრო გამოაცოცხლებს დასავლეთ საქართველოს რეგიონს. გარდა ამისა, 2019 წელს, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი კონცერტები სწორედ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება. დიდი სურვილი მაქვს, აქვე მოეწყოს სამეცნიერო კონფერენციები, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, მათაც გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება“ , _ ამბობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.
ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე. გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „შემოქმედი“, „შვიდკაცა“ და „ბასიანი“, ადგილობირივ ტრიო “შალვა ჩემო” და მგალობელთა გუნდი, სალოტბარო სკოლის ჯგუფები ოზურგეთიდან, მესტიიდან და ონიდან.