ლანჩხუთში სოფელ ჯიხანჯირის მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ სოფელში დაწყებითი სკოლის შენობის რეაბილიტაციას. მათი თქმით, ორი წელია, რაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გაცემულია პირობაა, რომ ჯიხანჯირს სკოლა ექნება, თუმცა, ამ დრომდე საქმე სიტყვას არ გაცდენია.
„საარჩევნოდ მოვლენ, დაგვპირდებიან, მერე კი არავის ვახსენდებით. ა, ბატონო, ახლაც არჩევნებია და ბოლოს და ბოლოს, სიტყვა საქმით ჩანაცვლონ. კერძო ოჯახშია სკოლა განთავსებული, სადაც არანაირი პირობები არ არსებობს სწავლებისთვის“, _ ამბობენ ჯიხანჯირელები, რომლებიც უკმაყოფილებას უგზოობის გამოც გამოთქვამდნენ.
ჯიხანჯირში მოსახლეობასთან შესახვედრად მერის წარმომადგენელი ნიგვზიანში ირაკლი გუჯაბიძე და სოფლის მაჟორიტარი ბესო ტაბიძეც იმყოფებოდნენ. ადგილობრივთა თქმით, მიუხედავად მოთხოვნისა, მათთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის მერი არ მისულა.
„გვეუბნებიან, არ ცალია და მოგვიანებით შეგხვდებათო“, _ ამბობს მოსახლეობა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, მერი ალექსანდრე სარიშვილი დღეს აპირებს მოსახლეობასთან შეხვედრას.
„სოფელ ჯიხანჯირში ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. ჯიხანჯირსა და წიაღობანში 140 მ გზის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება. შიდა გზები ბოლოდროინდელმა სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა. თუმცა, მანქანით გადაადგილება შეიძლება და საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს.
რაც შეეხება, კერძო სახლებში გაკვეთილების ჩატარებას, ტერიტორია, სადაც სკოლა მდებარეობდა, მეწყერსაშიშ ზონად გამოცხადდა. ამ დროისთვის მოძიებულია ფართობი, სადაც ახალი მცირეკონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა დაიწყება. გაკვეთილები ამ დროისთვის კერძო სახლში ტარდება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიქირავა.
აქციაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და მერის წარმომადგენელი ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი გუჯაბიძე იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერს ამ დროისთვის შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი და მისი დასრულებისთანავე აპირებდა გამგზავრებას, თუმცა აქცია დაიშალა.
აქვე განვმარტავთ, მერი 17 სექტემბერს სოფელ ჯიხანჯირში იმყოფებოდა, რათა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაეთვალიერებინა და დღესაც აპირებს ამ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას“.