ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვში მიმავალს, გზის მარჯვენა მხარეს თვალში მოგხვდებათ ნაძვზე გაკრული აბრა: “ვიბარებ თხილს ქალაქის ფასში”. თხილის ჩაბარების მსურველთა მოსაზიდად გაკეთებულ ლოზუნგებს შორის, შინაარსი შედარებით ორიგინალურ-კომიკურია, რადგან, როგორც აქაურები ამბობენ, ქალაქში არსებული ფასი ნიშნავს, უკან დაბრუნდე და თუ რამ მიგაქვს, ან გზაზევე გადაყარო ან ღორს დაუყარო…
“თუმცა, ეს აბრა ძველია და ქარი სანამ არ ჩამოაგდებს, იყოს მანდ. იქნებ, კი დოურჩეს გაისად ქალაქის ფასი ჩვენი სოფლის თხილს”, _ თან ხუმრობენ, თან სოფლის ავ-კარგზე გულღიად, გულისტკივილით საუბრობენ:
“რა უნდა ხდებოდეს ბახვში? მუდამ მოვლენების ეპიცენტრად ცნობილ სოფელში ჯერ კიდევ არ დაუნიშნავთ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, როგორც ძველებურად ვეძახით, “გამგებელი”.
წყლის პრობლემა, დიდი ხანია, დგას და საკარმიდამოებში არსებული ჭები, ასე თუ ისე, გვიმსუბუქებს ყოფას. თუმცა, “კრანის” წყალი აუცილებელია დღეს. კი მოდის ვაკიჯვრიდან დენიკინისდროინდელი “ტრუბით”, მარა ტექნიკური უფრო ჰქვია ამ წყალს, სასმელად არ ვიყენებთ. უმეტესად, მილები დაზიანებულია და ყველგან ჟონავს.
ჩვენი თემის სოფელ მშვიდობაურში ხომ არც გზაა და არც წყალი, შიდა გზებზე ვამბობთ, რომელზე გავლას, იხოხო, სჯობს.
ძალიან გაჭირვებული ვართ ყველა _ ხელფასი _ არა; სამუშაო _ არა; პენსია კაი ხნის მერე გვიწევს, თუ მივიტანეთ სული იქამდე; თხილი _ არა; ხილი _ არა და ჯანდაბა დარჩა.
ღატაკების უბანში წადით, იქნებ, იმათ შეეშველონ, ჩვენ კიდევ გავიტანთ თავს როგორმე”, _ გვეუბნებიან სოფლის ცენტრში შემხვედრი ბახველები და ნახევრად ხუმრობით გვიბარებენ: “გამგებლის დანიშვნა ამ წელში თუ არ გვეღირსა, მერე ბახვის მანიფესტი დაგვჭირდება და თემის მოთხოვნების წაყენება მთავრობაში. მანამდე კი ბალახობს ეგერ ძროხა, ცენტრში არხეინად”.
ეგრეთ წოდებული ღარიბთა კვარტალი, ზოგი სხვა სოფლის მსგავსად, ბახვშიც არსებობს, ორსართულიანი, დანგრევის პირას მისული კორპუსებით. თითოეულში უფრო მიუსაფარი ადამიანები ცხოვრობენ, უმუშევრები, პენსიონერები, ობლები.
მეორე კორპუსში მცხოვრები, ნინა სინჯიაშვილი მოკრძალებული ქალბატონია. მარტო ცხოვრობს. ღია ცის ქვეშ ცხოვრება არ ჰქვია მის ყოფას, როგორ თავად ამბობს, მაგრამ ჭერშიც წყალი მოჟონავს და აივნის იატაკიც ჩანგრევის პირასაა:
“გარეთ გასვლა მეშინია, რომ სარეცხი გავფინო. წვიმის დროს ოთახშიც თქრიალით ჩამოდის წყალი. არ მინდა, საგანგებოდ შევაწუხო ვინმე. იქნებ, მოახერხონ და სადაც დაზიანებულია სახურავი, იქ დაამაგრონ ვარგისი შიფერი. ასევე, იატაკიც იმ ადგილზე რომ გამიკეთონ, სადაც უფრო დაზიანებულია. ვიცი, ბევრი გაჭირვებულია და ყველას ახალი სახურავითა და იატაკით მდიდარი სახელმწიფოც ვერ უზრუნველყოფს. არჩევნების წინ შარაშენიძე თვითონ იყო აქ. “ოჰ, ეს რა არისო”, _ თქვა. დახმარებაც აღმითქვა. ახლახან ვიღაცეები იყვნენ. ჩაინიშნეს ჩემი ვინაობა. მერიიდან ვართ და დაგეხმარებითო. არ ვიცი, შესაძლოა, არჩევნები რომ ახლოვდება, ამიტომ აღგვრიცხეს. წინა არჩევნებზე კი მივეცით მერობის კანდიდატს ხმა, _ გვეუბნება ქალბატონი ნინა და საკუთარ შრომით ბიოგრაფიაზე საუბრობს: _ აქ დაბადებული ვარ. ათი წლიდან თავაუღებლად ვშრომობდი მშობლებთან ერთად და ჩაის ყუთებსაც ვჭედავდი. სამწუხაროდ, მშობლებიც, მეუღლეც ადრე გარდამეცვალნენ და მერე ქვეყანა რომ დაინგრა, გაჭირვებულ ყოფაში ჩავვარდი. შრომას როგორ დავიზარებ, მაგრამ სადაა სამუშაო? წუწუნიც არ მინდა, იქნებ, ცოტათი მაინც დამეხმაროს სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქე ხომ ვარ?!” _ ამბობს ქალბატონი ნინა.
ამავე კორპუსში ობოლი ბავშვებიც ცხოვრობენ, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერთან გვაბარებენ, სტადიონის აშენებას დაგვპირდა არჩევნების წინ და სიტყვას თუ შეასრულებს, კარგი იქნებაო. მერე კი, კორპუსის გვერდით, ნანგრევებით მოფარული ის სივრცე დაგვანახეს, სადაც ადრე ჩაის ფაბრიკა ყოფილა და ახლა სტადიონის მოწყობა სურთ.
მეორე კორპუსში მცხოვრები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი _ ლია დოლიძე და გიორგი შავლოხაშვილი, უკიდურეს გაჭირვებასა და მძიმე ავადმყოფობაზე საუბრობენ.
ლია დოლიძე: “ორივე უმუშევარი, არაფრის მქონენი ვართ. აგვისტოში, ჩემმა მეუღლემ გულის ინფარქტი გადაიტანა. სასწრაფოდ ქუთაისში გადავიყვანეთ. ასი ლარის მეტი არ მქონდა. ოპერაცია გაუკეთეს, გამოეწერა კიდეც, მაგრამ მალე კიდევ ინფარქტი მოუვა _ სულ გვირეკავენ საავადმყოფოდან, თანხა შემოიტანეთო.
ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას თხოვნით მივმართე. ვუთხარი ჩვენი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. თუმცა, ცივი უარით გამომისტუმრეს _ ფული არ გვაქვს, ყველა ლიმიტი ამოწურულიაო. სახლის სახურავი ლამის, თავზე გვემხობა. წამოდით და ნახეთ, სახლის უკან ნაძვია წაქცეული და იქვე მდგარი მეორე ხე ამაგრებს, თორემ პირდაპირ ჩვენს საძინებელს დაეცემა. ესაა ყოფა?! ბანკის ვალები ცალკე თემაა. არჩევნებამდე იყო აქ შარაშენიძე, დაგვპირდა, გადაგიხურავთო, მაგრამ სადაა დაპირება? ხმები კი წაიღეს. კარგად გადაუღეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს. ასე უნდა გამოიყურებოდეს პრემია-დანამატების ქვეყანა?!”
გიორგი შავლოხაშვილი: “გული ხელით მიჭირავს. აწი მოვიდნენ აქ ხმებისთვის და კი ვიცი… ან სამუშაო იყოს ან ჯანმრთელობა, ან კიდევ ვინმეს ადამიანებად მივაჩნდეთ. ჩვენ არ ვართ ისეთი ხალხი, პატივი გვცეს კაცმა და დავივიწყოთ. ახლა საავადმყოფოდან კი გამოვედი, მაგრამ, ვაი, ამ ყოფას _ ვიცი, მალე ისევ იქ მოვხვდები. არც მომხედავენ. ოპერაციის ვალი გადაუხდელი მაქვს და მართალებიც იქნებიან. რა გვეშველება?!”
სახლის ნაწილობრივ დახურვას ითხოვს აქვე მცხოვრები, 78 წლის ლინა ალევორიანი, რომელსაც შვილი გარდაცვლილი ჰყავს, რძალი საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული და ობოლ შვილიშვილებს თავად პატრონობს. ისიც ამბობს, რომ არჩევნების წინ იყო დაპირება სახლის გადახურვის თაობაზე:
“ადრე იყო, ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ახლა ვინ რას გაჩუქებს? ყველა ღარიბია. მთავრობა თუ რაიმეს დაგვეხმარება, ეგაა. აქ პრეტენზიული ადამიანები არ ცხოვრობენ. ცოტა დაგვეხმარონ, თავზე რომ არ გვაწვიმდეს და იატაკში ფეხი არ ჩაუვარდეს ადამიანს”, _ ამბობს ის.
“გურია ნიუსმა” აღნიშნული პირების და მათი მდგომარეობის შესახებ კითხვით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, საიდანაც მოკლე პასუხი მიიღო:
“ამ ადამიანებს 2018 წელს ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ მოუმართავთ, რაც შეეხება ბახვში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის დანიშვნას, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება კონკურსი, რომლის შედეგად შეირჩევა კანდიდატი”.