მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის აუცილებლობის, სარგებლისა და რისკების შესახებ; ძველი და ახალი საპენსიო სისტემების ასპექტების წარმოჩენა _ ეს იყო გასულ კვირას, “ივლიტას ბიბლიოთეკაში” გამართული შეხვედრის საუბრის მთავარი თემა, რომლის მოდერატორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკა მიქაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ჭიჭინაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი იყვნენ.
შეხვედრაზე, რომელიც NDI საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა, ძირითადად ის ადამიანები იმყოფებოდნენ, რომლებსაც საპენსიო რეფორმა ნაკლებად ეხებათ. შესაბამისად, “გურია ნიუსი” დაინტერესდა, რატომ არ შეარჩიეს ის აუდიტორია, რომელსაც საკითხი ყველაზე მეტად ეხებოდათ და ამ შეკითხვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ეკა მიქაბაძეს მივმართეთ.
_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სახის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. გეთანხმებით, რომ დღეს აქ სხვა სახის აუდიტორიაა, რომელსაც რეფორმა გარკვეულწილად ეხებათ, თუმცა, შედარებით ნაკლებად. მათ შედარებით ნაკლებად შეეძლებათ ის სარგებელი ნახონ, რასაც დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოიაზრებს, თუმცა, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს ეს ფაქტი. დარწმუნებული ვარ, შეხვედრაზე მყოფ ყველა წევრს ოჯახი ჰყავს და მათ შეუძლიათ გადასცენ ამბავი. თუმცა, თქვენ სწორი ბრძანდებით _ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პიარკამპანიას და შევხვდებით საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. როგორც ასაკის პენსიონერს, ასევე, საპენსიო ასაკთან მიახლოებულებს და რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს, რომლებიც საზოგადოების ის ფენაა, ვისაც სრულად შეეძლება ისარგებლოს უკვე ამ სისტემის სიკარგეებით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მინისტრის მოადგილემ.
ეკა მიქაბაძის თქმით, “დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ კანონი დაწერილია საუკეთესო პრაქტიკის და იმ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, რომლის წინაშე დადგნენ ქვეყნები, რომლებმაც გაცილებით ადრე დაიწყეს რეფორმა”.
_ ქალბატონო ეკა, ოპოზიცია ხშირად ადარებს ამ რეფორმას ანაბრების სისტემას. რით განსხვავდება ეს პროექტი ანაბრების სისტემიდან?
_ პირველ რიგში, თავად ქვეყანა განსხვავდება იმ 30 წლის წინანდელი ქვეყნისგან. ჩვენ თუ არ გავიხედეთ წინ და არ გაგვიჩნდა კიდევ უფრო უკეთესის იმედი, შორს ვერ წავალთ. რაც შეეხება უშუალოდ საპენსიო რეფორმას _ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ კანონი დაწერილია საუკეთესო პრაქტიკის და იმ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, რომლის წინაშე დადგნენ ქვეყნები, სადაც გაცილებით ადრე დაიწყო რეფორმა. კანონის დაწერაში ჩართული იყვნენ ავტორიტეტული საფინანსო ორგანიზაციები და ჩვენი დონორი პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც დღესაც აღნიშნავენ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კანონი. თავად კანონია იმის გარანტი გარკვეულწილად, რომ ეს არის სრულიად სანდო მექანიზმი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას.
აქ არის გათვალისწინებული ძალიან ბევრი მომენტი _ თავად საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც სრულად არის გამიჯნული ადმინისტრირების ნაწილთან.
ეს თანხა, რომელიც აკუმულირდება მონაწილის ინდივიდუალურ ანგარიშზე, წარმოადგენს მის საკუთრებას, რომელსაც საპენსიო სააგენტოს ადმინისტრაციული მხარე ვერანაირად ვერ შეეხება. საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს საინვესტიციო საბჭო, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი. ეს პოლიტიკა არის მონაწილის მაქსიმალური დაცვისკენ მიმართული და შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კანონი. კანონის ფარგლებში ჩვენ ვართ ყველანი დაცულები.
_ დამოუკიდებელი საბჭო ახსენეთ და ჩვენთან დამოუკიდებელი საბჭოების ნაკლებობას პრაქტიკა ცხადჰყოფს. აქედან გამომდინარე გაჩნდა ეჭვები, რომ ეს ყველაფერი ქაღალდზე გაწერილი სიტყვებია, რომელიც, შესაძლოა, არ შესრულდეს. რას უპირისპირებთ ამ მოსაზრებას?
_ ეს არ არის მხოლოდ ქაღალდზე გაწერილი, ეს კანონია.
_ გასაგებია, თუმცა გვინახავს კანონი, რომელიც ბევრჯერ დაირღვა, ბევრჯერ არ შესრულდა…
_ გამოდის, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ სახელმწიფოებრიობას.
_ რა არის თქვენი არგუმენტი, რომ ასე არ მოხდება?
_ ამას შემიძლია მარტივი მაგალითი დავუპირისპირო _ სულ რაღაც 20 წლის წინ, თქვენ ვერ ნახავდით ადამიანს, რომელიც კომერციული ბანკის კარს შეაღებდა და დეპოზიტს დადებდა. დღეს გვაქვს სრულიად საპირისპირო სურათი. შესაბამისად, ეს არის ნათელი მაგალითი იმისa, რომ ქვეყანა ვითარდება და გვაქვს ისეთი საფინანსო ინსტიტუტები, რომლებსაც ვენდობით. დამერწმუნეთ, რომ კიდევ უფრო მეტი დაცვითი მექანიზმებია ჩადებული საპენსიო კანონში. შემდგომ ეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში აისახება. თავად საინვესტიციო საბჭოს წევრები და საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებული ადამიანები აღჭურვილნი არიან ნდობითი ვალდებულებით. ანუ, ეს არის ის დამცავი მექანიზმები, რომლებიც, რა თქმა, უნდა კანონის ფარგლებშია გაწერილი. თქვენ თუ კანონის უზენაესობას აყენებთ ეჭვქვეშ, არ ვიცი.
_ ჩვენ არ ვაყენებთ. კითხვები ბევრჯერ დაისვა და საზოგადოებაში არის ეს განწყობა.
_ გასაგებია და ამიტომ ვაკეთებ განმარტებას.
_ ქალბატონო ეკა, “ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირებებში იყო პენსიის ზრდას. ასევე გვპირდებოდნენ, რომ პენსია ადამიანებს სტაჟის მიხედვით დაენიშნებოდათ.. დღევანდელ შეხვედრაზეც გაჟღერდა ეს თემა და საინტერესოა, ამ მიმართულებით თუ მუშაობთ…
_ თქვენ დღეს ნახეთ პროდუქტი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობის შედეგია _ დაგროვებითი სისტემა ზუსტად ეს სისტემაა.
_ ეს სისტემა ეხებათ ახალგაზრდებს. რა ბედი ელით მოქმედ პენსიონერებს?
_ საქართველოში დღეს არის საბაზისო პენსია, რომელიც სოლიდარობის პრინციპზეა დაფუძნებული. დღევანდელი დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი შეიცავს ჩანაწერს, რომლის მიხედვით, მთავრობა 9 თვეში წარმოადგენს მექანიზმს, რომელსაც დაეფუძნება პენსიის ზრდა. ეს აღარ იქნება უკვე საარჩევნო დაპირებაზე დაფუძნებული, არ იქნება მოსახლეობისთვის პირობის მიცემა _ ეს იქნება კანონით გაწერილი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც გაიზრდება პენსია ყოველწლიურად.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი საზოგადოებამ დადებითად მიიღოს. პირველ რიგში, არავის უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ რაღაც არასწორი კეთდება და არასწორ პროცესში ერთვება. მეორე კი ის არის, რომ კანონი არის ნახევრად სავალდებულო ხასიათის _ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს კანონი ეხება ნებაყოფლობით _ 42 წელს ზემოთ და თვითდასაქმებულების შემთხვევაში, კანონში ნებაყოფლობითი ჩართულობის პრინციპია გათვალისწინებული. სწორედ იმისთვის, რომ მათ გაიგონ ამ სისტემის სიკეთეები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია სწორად და დეტალურად მივაწოდოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს არის მნიშვნელოვანი მათთვის და თვით იმ სისტემისთვის რასაც დღეს ვაყალიბებთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ფონდი იყოს ოპტიმალური ზომის _ შეიძლება რომ უფრო ნაკლები დანახარჯით მიიღოს ფონდმა სარგებელი. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ხალხი იქნება ჩართული, კარგია თავად ჩართულებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ფონდის მართვა იქნება ბევრად უფრო ეფექტური.