შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელშიც გვარამია ჩანაწერების გამოქვეყნებას აანონსებს. გახარიას განცხადებით, მან არ იცის, რომელ ჩანაწერზე საუბრობს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად იცის ყველა ის გეგმა, რითაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია იგეგმებოდა. მის კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ, რა ჩანაწერებზე საუბრობს ბატონი ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალურ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს. დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს. ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი. ეს ყველაფერი ვიცით, მათ შორის მიყურადების შედეგად.
მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო”, -განაცხადა გიორგი გახარიამ.
„რუსთავი 2“-მა 17 ოქტომბერს გაავრცელა კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ დაკავებამდე ორი დღით ადრე შეხვდა კახა კახიშვილს, პატიმრობის გარკვეული პირობების შექმნაზე შეთანხმდნენ და რადგან შეთანხმება დაირღვა, კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნებს.
ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებს.