„ჩვენ ვართ მარტოხელა დედები, მიგრანტი ქალები, დაბალანაზღაურებადი ქალები. ჩვენ გვავიწროებენ სამუშაო ადგილას. ჩვენ არ გვაქვს უპირატესობა კერძო საკუთრებაზე. ჩვენ ბედისწერად ოჯახში აუნაზღაურებელი დრო განგვისაზღვრეს. ჩვენ თქვენ გვერდით ვცხოვრობთ. მოგვისმინეთ, დაგველაპარაკეთ და შეცვალეთ რეალობა“ – ამ თემებზე იყო საუბარი კაფე “რვას+1“-სში, რომელიც სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ ფარგლებში ჩატარდა. სოციალური კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.
გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის ხელმძღვანელის მაკა მეშველიანის თქმით, ეს კამპანია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას იმ უთანასწორობის შესახებ, რომელიც არსებობს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით, კონკრეტულად ქალთა ეკონომიურად გაძლიერების თვალსაზრისით.
“ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვავლინოთ ის საჭიროებები, რომლითაც აღმოიფხვრება თანასწორობა უთანასწორო ქვეყანაში გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით.
ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, როგორც პარლამენტის და ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რაც უკავშირდება პოლიტიკის ცვლილებას და შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას. მათ შორის მიმდინარეობს შრომის კოდექსის ცვლილებები და ამ ცვლილებებში შეიძლება იყოს გათვალისწინებული ქალთა საჭიროებები, რომ მათ შეძლონ უკეთ სრულყოფილად იყვნენ ჩართულები ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ჩვენს შეხვედრაზე, ასევე, ერთ-ერთი საკითხი იყო ქალთა სექსუალური შევიწროება, რომელიც გახლავთ სწორად ქალთა ეკონომიკური გაძლიერებს ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტი. იმიტომ, რომ ქალებს უწევთ სამსახურიდან წამოსვლა, როდესაც ისინი ხვდებიან შევიწროების მსხვერპლი“, _ გვითხრა მაკა მეშველიანმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჟურნალისტი თათია სამხარაძე. ის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა ჟურნალისტ შალვა რამიშვილს. რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა რამიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მომჩივანი მხარის, თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა.
“ პროექტის “თანასწორობა გვჭირდება“ ფარგლებში ჩემი როლი არის ე.წ. ცვლილებების აგენტის როლი, რომელიც აჟღერებს იმ საკომუნიკაციო მესიჯებს, როგორც პროექტს გააჩნია. მაგალითად ეს არის მოთხონა სახელმწიფოსგან მიიღოს სექსუალური შევიწროების კანონი, შექმნას ალიმენტის ამოქმედების უფრო ეფექტური სისტემა, რომელსაც არ ექნება ხარვეზები და სხვა პოლიტიკური თემები, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოების განჯასაღებისათვის ისევე, როგორც გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა დემოკრატიულ პროცესებში. “-გვითხრა თათია სამხარაძემ.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული კამპანიის აქტივობები ოზურგეთში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე გაიმართა დისკუსია ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების გზაზე არსებული უხილავი ბარიერების შესახებ. დისკუსიის მოწვეულმა სტუმრებმა თათია სამხარაძე და ციცინო შენგელია, ისაუბრეს ქალების კარიერული განვითარების გამოწვევებზე.