პოლიტიკის ექსპერტი სოსო ცინცაძე „გურია ნიუსთან“ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, მმართველმა პარტიამ, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დააყენოს.
ცინცაძე საკადრო პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა პარლამენტის თავმჯდომარემ არა მარტო საზოგადოებასა და ოპოზიციას, არამედ საკუთარ გუნდსაც გაუცრუა იმედები.
„ირაკლი კობახიძემ ვერ გაამართლა, იმედები გაუცრუა ყველას, მათ შორის, საკუთარ პარტიასაც. ოპოზიცია და საზოგადოება, რომლებიც უსმენენ მის ფრთიან გამონათქვამებს, მასთან ვერ თანამშრომლობენ. ეს ბიჭი ამ თანამდებობისთვის მოუმზადებელი იყო. კობახიძე უნდა ფიქრობდეს, რომ ხვალ ან ზეგ, როცა ოპოზიციაში აღმოჩნდება, მის მიერ ნათქვამ სიტყვებს გაუხსენებენ.
პოლიტიკოსი ემოციებს არ უნდა აჰყვეს. კობახიძე ბევრჯერ გამოსულა მწყობრიდან, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეეფერება. პარლამენტს უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც თავის პოლიტიკურ ოპონენტებს ფაშისტებს არ ეძახის, პატივს სცემს საზოგადოებას, საკუთარი გუნდის წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც კი.
კობახიძე ამ თანამდებობაზე შემთხვევით არის მოხვედრილი. იგივე შეიძლება ითქვას ფინანსთა მინისტრზე, რომელმაც ლარის გაუფასურების ძირითად მიზეზად ოპოზიციის განცხადებები დაასახელა. მინისტრს მივმართავ, საზოგადოება ასეთ განცხადებებს არ მიიღებს“, _ აღნიშნა ცინცაძემ.