ლალი კობიძე: “ექვსი წლის წინ ფეისბუქით ქალბატონი დამეკონტაქტა, რომელიც საქართველოში ნათესავებს ეძებდა. იცოდა, რომ მის მამას რაფიელი ერქვა და ცხოვრობდა გურიაში, სოფელ ერკეთში.”
ძვირფასო მკითხველო! სისხლიანი წარსულის კიდევ ერთი მსხვერპლის ძალიან გრძელ და ძალიან ძნელად სავალ გზას უნდა შევუდგე ახლა და თუ გნებავთ, გამომყევით!
რაფიელ კობიძე, ერკეთელი კონსტანტინე ლაზარეს ძე კობიძის და ფოტინე ჩიჩუას შვილი მენშევიკი იყო. სასოფლო საბჭოში მუშაობდა.
37 წელი შავი ფეხით შეიჭრა რაფიელის ბედნიერ ოჯახში _ დღემდე გაურკვეველი, უფრო სწორად, არარსებული მიზეზით დაიჭირეს და ყაზახეთში გადაასახლეს. ოთხი პატარა, სრულიად ახალგაზრდა დედის, შურა კეშელავას ამარა დარჩა. ყანაში სამუშაოდ წასულმა შურამ ცოცხალს ვეღარ მოუსწრო ცეცხლმოკიდებულ უფროს შვილს, თამარს _ იგი დაიღუპა. უმცროსები _ ამირანი, მადლენა და ლამარა მამის გარეშე იზრდებოდნენ.
მტანჯველი 10 წელი გავიდა. რაფიელი დაბრუნდა. დახვდა მგლოვიარე ოჯახი და სულდანგრეული ხალხი, რომელთაგან ზოგიერთს “დანოსობაზე” გაწაფულს, არაფრად უღირდა კაცის გაწირვა.
მეზობლის ეზოში თხა გადასულიყო და ისლი (სახლის სახურავი ბალახი) შეეჭამა. წაიჩხუბეს მეზობლებმა. ეტყობა, არ გეყო ათი წელი და კიდო წაგიმატებენო, _ დაემუქრა რაფიელს კაცი, რომლის სიძე ჩოხატაურის შინსახკომში მუშაობდა.
ახლობლები იგონებენ: მეორე დილას საბჭოს თავმჯდომარე ესტუმრა რაფიელს “ამბის საკითხავად”. შურამ ქათამი შეწვა. თითო ბოთლი “ადესაც” დააყოლეს ვარიას. სტუმარმა უთხრა რაფიელს, გამომყევი, საქმე მაქვსო. შეშინებული შურა დაამშვიდა, საღამოს მოვაო.
რვა წელიწადში რამდენმა საღამომ ჩაიარა, მაგრამ რაფიელი არ ჩანდა. იგი კომის ასსრ-ში გადაასახლეს 8 წლით!
ბოლოს დადგა ასეთი საღამოც…
შვილიშვილები ავთანდილი და ტარიელ ამირანის ძე კობიძეები: შეგვატყობინეს, ბაბუა მოდისო (ავთანდილი).
ტარიელი: _ მთელი კუთხე, ბავშვებიანად დავხვდით გზაში. ჩაგვიხუტა და კანფეტები მოგვცა. ვჭამდით კანფეტებს და რასაც ვერ მოვერიეთ, გზა-გზა ვყრიდით. ასე გამოვხატეთ სიხარული.
მერე უკვე, მოზრდილ შვილიშვილებს ბაბუა უყვებოდა საშინელ ამბებს. ისინი კი დღეს ჩვენ გვიყვებიან მართლა გაუგონარ ისტორიებს:
ავთანდილი: _ მეორე სასჯელი ბევრად მძიმე გამოდგა პირველთან შედარებით. კომის ასსრ-ში გაგზავნა უკვე ნიშნავდა უკან არდაბრუნებას. არც მიფიქრია სიცოცხლის გადარჩენაზე. საჭმელი არ იყო, ყუთებით გაყინული სისხლი მოჰქონდათ, მაგრამ ბევრი ვერ ჭამდა და შიმშილისგან იღუპებოდა. ერთი პოლონელი ქალი გავიცანი, ვეტერინარი იყო. მირჩია, ჭამო უნდა ეს სისხლიო. დავიწყე ჭამა, მოვმჯობინდი, ფეხზე დავდექი. ხანდახან ჩუმად რძესაც მაძლევდა.
ტარიელი: _ გახსოვს, ბაბუამ ჩიტებზე რა მოყვა?
ავთანდილი: _ ჰო, მახსოვს. ზამთარს გადარჩენილები გაზაფხულზე ხეებზე ავდიოდით და ჩიტების ბუდეებიდან კვერცხებს ვიღებდითო. ზოგში ბარტყებიც იყო, მაგრამ არ ვიწუნებდით, სიამოვნებით ვჭამდითო.
ტარიელი: _ ყინვა რომ გალღვებოდა, სოკო ამოდიოდა ძალიან ბევრი. ვხარშავდით, მაგრამ ქვაბის თავზე უამრავი მატლი იყრიდა თავს. მოვაცილებდით მატლებს და ვჭამდითო!!!
ავთანდილი: _ სამუშაოდ ბანაკიდან ძალიან შორს მივყავდით ნავით. ტყეს ვჭრიდით. საღამოს არავინ მოგვაკითხავდა. ჩვენ თვითონ უნდა შეგვეკრა ექვსმეტრიანი ტივი და გადმოგვეცურა ჭაობები. თუ იზარმაცებდი და მოკლე ტივს შეკრავდი, გზაში ჩაიკარგებოდი ჭაობში, არავინ კითხულობდა, საღამოს რამდენი ვბრუნდებოდით. ბევრი ჩარჩა იქ.
ზურაბ შოთას ძე ბერაძე, შვილიშვილი: _ ბაბუა, მაღალი, ლამაზი, ზედმიწევნით მართალი და ვაჟკაცური ბუნების კაცი იყო. კარგი სიტყვა-პასუხი ჰქონდა. დიდი მადლიერებით იხსენებდა პოლონელ ქალბატონს, რომელმაც სიცოცხლე შეუნარჩუნა. ამ ქალს პირველი ქმრისგან ორი ვაჟი ჰყავდა. რაფიელთან კი გოგონა შეეძინა, რომელსაც მისი პირველი დაღუპული შვილის, თამარის სახელი დაარქვა.
რაფიელს მეორე პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ, ის ქალბატონი მალე გარდაიცვალა. მის შვილებს საქართველოსთან კავშირი ჰქონდათ. რაფიელს სურდა ობოლი გოგონას ჩამოყვანა, რაც ვერ მოხერხდა. თამარ კობიძე “პრიუტში” გაიზარდა, რომ მოიზარდა, ერთი ძმა გარდაეცვალა. სიკვდილის წინ ავადმყოფმა ძმამ თამარს გადასცა სურათი, რომელზეც რაფიელი ორი წლის თამარით ხელშია გადაღებული. სურათს უკან ეწერა, რომ ის ქართველია და მონახოს და-ძმები საქართველოში. იყო სხვა ქაღალდებიც, რომელიც სამშობლოსკენ მიმავალ გზას ასწავლიდა თამარს. მანამდე თამარს ეგონა, რომ ებრაელი იყო.
ავთანდილი: _ დადგა ეს საოცარი დღე _ ლალი კობიძის დახმარებით, ვიპოვეთ თამარი.
ტარიელ კობიძე: _ ორი თვე იყო ჩვენთან, ჰყავს ორი გოგონა, გათხოვილები. ჰყავს შვილიშვილები. ცხოვრობს სიმფეროპოლში. აქვს ყველაფერი და ჰყავს ყველა, მაგრამ ჰყავდა სისხლის მოზიარე ახლობლები. ჰქონდა მამის საფლავი. მოვატარეთ საქართველო, გავაცანით უამრავი ხალხი. გაოცებული იყო ყველაფრით, მაგრამ ყველაზე მეტად უკვირდა, ასეთი კარგი ხალხი, რატომ იყო მაშინ ასეთი ცუდი?!
თამარ კობიძემ წასვლის წინ კიდევ ერთი ამბავი გაიგო: რაფიელის დამბეზღებელი და დამღუპველი, მეზობლის ერთადერთი შთამომავალი ცოლის მკვლელობის გამო ციხეში მოხვდა. იგი ციხეში გარდაიცვალა, მაგრამ გადაშენებული ოჯახიდან, ცხედრის მომკითხავი არავინ იყო. რაფიელის შვილმა, ამირანმა, შეჰყარა მეზობლები, ღამით მოასვენეს ყუთით გარდაცვლილი და სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს საწესო რიტუალების გარეშე, თუმცა, ჭიქა მაინც წაუქციეს და შენდობა უთხრეს.
ალბათ, ამ გენეტიკური დიდბუნოვნების საფასურად, განგებამ რაფიელ კობიძის ოჯახი გაამრავლა და გაახალისა. მისი თვრამეტწლიანი უსამართლო ჩაგვრა მშვიდმა სიბერემ შეცვალა და ძალიან ბევრი ბედის მოზიარეთაგან განსხვავებით, მშობლიურ მიწაში მშვიდად ჩაიძინა.
რაფიელ კობიძის ნაფეხურებზე მიმავალ ნაგრამს ბევრგან შეხვდებით (ერთ შვილთაშვილს რაფიელი ჰქვია). მას შეეძლო და მის შთამომავლობასაც შეუძლია, სათქმელად საძნელო შეცდომაც კი აპატიოს ავის მოსურნეს და არასოდეს ეცადოს სამაგიეროს მიზღვას. თვით რაფიელის შვილი, ამირანიც ხომ ასე მოიქცა, როცა მისი ბავშვობის გამამწარებელს, უპატრონო მიცვალებულს ეპატრონა!
დიდნათელი გედგეთ, დიდო ხალხო!
რუსუდან ბერიშვილი