პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ საუბრობს.
როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ან „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებულ რეალობას კარგად ვერ აცნობიერებს, რაც, მისი თქმით, ტელე „იმედისთვის“ გუშინ მიცემულ ინტერვიუში დადასტურდა.
„ზურაბიშვილის ან ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ქვეყანას მძიმე პერიოდი უდგება. „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს, რომ გაზაფხულიდან ქვეყანაში დაძაბული პროცესები განვითარდება. ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება ხელისუფლება აიძულოს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, რაც საზოგადოებების გახლეჩასა და დაპირისპირებას გამოიწვევს. ასეთ მომენტში „ქართულ ოცნება“ სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს.
ქუჩაში გამოსვლები და პრობლემები დაიწყება იმ შემთხვევაშიც, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, მმართველ ძალას პროცესების მართვა გაუადვილდება.
პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სტრატეგია არ გააჩნია, რა უნდა გააკეთოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. როცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში გამოდის პირველი პირი, რაღაც ახალი უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, ის კი ძველი სიმღერის ტექსტებით გვესაუბრება, როგორც ჩანს, ადეკვატურად ვერ აცნობიერებს ქვეყანაში არსებულ რეალობას“, _აღნიშნა ძაბირაძემ.