„ცოტა უცნაურია გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა. ერთია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და მეორე, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. თუ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, გამოდის, რომ კანონიერად დღევანდელ პრეზიდენტსაც არ სცნობენ, აბა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ვინ უნდა დანიშნოს?!“_ განაცხადა „გურია ნიუსთან“ საუბრისას პოლიტიკის ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელთა მოთხოვნა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, არარეალურია.
„საქმე ის არის, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, მხოლოდ მოთხოვნად დარჩება, რადგან არჩევნების ჩატარების რესურსი არც ხელისუფლებას აქვს და არც ოპოზიციას. ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისის არ არის და კატასტროფის წინაშე არ ვდგავართ, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში ვართ, ამიტომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ვხედავ“, _ აღნიშნავს არეშიძე.
კითხვაზე _ საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, ოპოზიციამ საბოლოოდ თქვა თუ არა უარი პარტიის ლიდერის, მიხელ სააკაშვილის მოწოდებაზე, რომელიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გულისხმობს? _ არეშიძე გვპასუხობს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს.
„ხელისუფლებას სააკაშვილმა თავის გამოსვლით გადასარევი კოზირი მისცა. მის გამოსვლაში პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი, იმისთვის, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს. რევოლუციური განწყობა პირდაპირ ჩანს.
სააკაშვილი ადამიანებთან ყოველთვის აგრესიულ მუხტზე აგებს ურთიერთობას, რაც გადასარევად იცის საზოგადოებამ, ხელისუფლებამ და მისმა მომხრეებმა, რომელთა ინტერესებშიც არ ზის რევოლუცია. ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას სიმარტივე ნამდვილად არ ახლავს თან. საკმაოდ რთული ვითარებაა და ხელისუფლებას ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევს.
თუ ხელისუფლებამ იმ ნაბიჯებით გააგრძელა სვლა, რა ნაბიჯებითაც მოდიოდა 2018 წლამდე, მაშინ ოპოზიციურ პარტიას უზარმაზარი შანსი აქვს, 2020 წლისთვის არჩევნები წარმატებით დაამთავროს. ახლა, რატომ უნდა დახარჯონ რესურსი, რომელიც შეუძლიათ საპარლამენტო არჩევნებში გამოიყენონ?!“ _ აღნიშნავს არეშიძე.