ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხომაზე, დეპუტატმა ლელა საჯაიამ საინტერესო ინიციატივა დააყენა. მან, „თვითმმართველობა განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, დასვა საკითხი, მუნიციპალიტეტის ვებგვერდი ხელმისაწვდომი გახდეს უფრო ფართო ფენებისთვის. არაერთ სხვა საკითხთან ერთად, მან გამოყო თემა უსინათლოთათვის ხმოვანი შეტყობინების მიღების აუცილებლობაზე, რომელიც ვებგვერდზე იქნება განთავსებული.
_ჩვენს მუნიციპალიტეტში ხუთასამდე უსინათლოა, ესეც არ არის მცირე რიცხვი, თუმცა, ჩემი ინიციატივა მხოლოდ მუნიციპალიტეტისთვის არ არის გათვლილი. ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს ვებგვერდს უამრავი ადამიანი უყურებს. ასევე, ნახულობენ უცხოეთშიც. ამ ინკლუზიურ ჯგუფს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს აქტიური მოქალაქე სხვისი დახმარების გარეშე, _ განაცხადა მან.
ლელა საჯაიას ინიციატივა მოიწონეს როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ისე მერიის წარმომადგენლებმა.
_ გაიგეთ, კონკრეტულად რა არის საჭირო ამ ხმოვანი სიგნალისთვის, შემოიტანეთ ოფიციალური განაცხადი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ინიციატივა საქმედ იქცეს, _თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა.