ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე დაკავებულ ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის ვერსიით არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე, რის გამოც მოსამართლემ მათი შუამდგომლობა სრულიად დააკმაყოფილა.
პროკურატურის ვერსიით თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სამაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.
ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.
დანაშაული 7 დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
4 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯ. დააკავეს.
სუსის ცნობით, აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ყიდდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.
გამოძიების მიხედვით, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავა დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ამ საქმეზე პასუხისგებაში მისცეს 21 პირი. ბრალდებულებმა მაქინაციის შედეგად 4 094 709 ლარის უკანონო შემოსავალი მიიღეს.
24 ოქტომბერს სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს. მოსამართლემ პატიმარს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 20 000 ლარის გირაოთი შეუცვალა.