საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე პურის გაძვირების თაობაზეც ილაპარაკა. როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ანგარიში მომზადდება.
“მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“, – განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოში პური გაძვირდა, პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ამის მიზეზად ფქვილზე ფასების ზრდას ასახელებენ. პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა.
“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, შესაბამისად პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოს თვეში ეს ნიშნული 33-დან 35 ლარამდე იყო”, – ამბობენ კომპანიაში.