ზაირა მამულაძე 29 წელია მასწავლებლად მუშაობს. მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, პედაგოგების ოჯახში გაზრდილმა, მასწავლებლობა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკანაფევის დაწყებითი სკოლიდან დაიწყო. იქ ერთი წელი ე.წ. კლასკომპლექტში იმუშავა, შემდეგ კი ძირითადი პროფესიით _ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, მეზობელ სოფელში, ხეფის არასრულ საშუალო სკოლაში გააგრძელა მუშაობა.
1992 წელს, 26 წლის წინ კი ოზურგეთში, რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ ლაითურში გათხოვდა და მუშაობაც ამავე სოფლის სკოლაში დაიწყო.
პარალელურად მუშაობდი ლაითურში არსებულ კოლეჯში, რომელიც დღეს გაუქმებულია და მეორად პროფესიას _ სამართლმცოდნეობასაც წარმატებით ასწავლიდა:
_ ძალიან მიყვარდა სამართლის გაკვეთილები, რომელიც მეცხრე კლასში ისწავლებოდა. მახსოვს, სამი წიგნი იყო _ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის და სამოქალაქო სამართლის. ყოველთვის, პირველ წიგნად ვირჩევდი სამოქალაქო განათლებას, რადგან ეს მესამე ნაწილში ისწავლებოდა და სანამ მოსწავლეები ამას სწავლობდნენ, ზოგიერთი გათხოვებასაც ასწრებოდა. გვქონდა ამის მაგალითებიც. ამიტომ, ამ თემას მუდმივად წინ ვწევდი. ვასწავლიდი საოჯახო სამართალს, რომელშიც კარგადაა ახსნილი რა საფრთხეები ახლავს ადრეულ ქორწინებას, _ იხსენებს ზაირა მამულაძე.
იხსენებს, რომ მისთვის სწავლა ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და მშობლებმა ბავშობიდანვე აუხსნეს, თუ რა ძალა აქვს განათლებას. მიუხედავად იმისა, რომ ახლა, ზაირა მუმლაძე მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, მის მოსწავლეებს ყოველთვის უყვება რატომ არის განათლების მიღება აუცილებელი; რატომ არ შეიძლება ადრეული ქორწინება.
ამბობს, რომ პედაგოგობა რთული, მაგრამ საინტერესო პროფესიაა:
„ძალიან რთულია პედაგოგობა. ჩვენ ვეხებით ადამიანის სულს და ნელ-ნელა ვძერწავთ. სულ ანთებული სანთელივით უნდა იყო და თუ ერთხელ ჩაქრი მოსწავლისთვის, ამის დაბრუნება ძნელია“, _ აღნიშნავს ჩვენი რესპოდენტი.
ზაირა მამულაძე ამბობს, რომ მისი წარმატების გზა მხოლოდ განათლებაზე გადის და ცდილობს, საკუთარი მაგალითით აჩვენოს მის მოსწავლეებს, რომ განათლების მიღება აუცილებელია.
განათლების მიღების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს 34 წლის ლია ართმელაძეც. ის ერთადერთია სოფელ ზოტის საჯარო სკოლის 2002 წლის 12 კურსდამთავრებულიდან, რომელმაც სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო.
_ იმ დროს, იყო 2-3 მოსწავლე ისეთი, ჩემსავით კარგად რომ სწავლობდა, მაგრამ არ იყო შესაძლებლობა. ალბათ, გადასახადის გამო არ მიდიოდნენ სასწავლებლად. შეიძლება არ უშვებდნენ გოგოებს, მაგრამ არც ბიჭებს უსწავლიათ”, _ ამბობს ლია და იხსენებს, რომ მისი მოსწავლეობის დროს უმაღლესი განათლების მიღების აუცილებლობაზე არავინ საუბრობდა და ბევრი ახალგაზრდის სურვილი, სურვილად რჩებოდა, თუმცა, მას გაუმართლა _ ოცნების ასრულებაში ოჯახმა ხელი შეუწყო და პედაგოგი გახდა.
ლია ართმელაძემ ზოტის საჯარო სკოლაში, ქართული ენის მასწავლებლად მუშაობა სწავლის პარალელურად დაიწყო და მალე გათხოვდა კიდეც, თუმცა, ამის გამო სამსახურზე უარი არ უთქვამს.
მისი თქმით, ბავშვობაში დასახული მიზნების ბოლომდე გახორციელება შვილების გამო ვერ მოახერხა _ მცირეწლოვანი ბავშვები ვერ დატოვა და ამიტომ, სამსახურზე უარი თქვა.
ახლა კვლავ აპირებს, საქმეს დაუბრუნდეს. ამბობს, რომ სწავლა გვიანი არასდროს არის და გამოცდებისთვის ემზადება. ლია ართმელაძეს მუშაობის გასაგრძელებლად მასწავლებლის სერთიფიკატი სჭირდება. მისი მიღება ერთხელ უკვე სცადა, თუმცა ქულები დააკლდა.
„მერე რატომღაც არ მიცდია. ახლა ვფიქრობ და სურვილი მაქვს სერთიფიკატი ავიღო. მგონია, რომ არ უნდა დამენებებია თავი და დღეს მიღწეული მექნებოდა მიზანი“.
ნანობს, რომ 8 წელი დაკარგა და ეს დრო მხოლოდ საოჯახო საქმეებს დაუთმო _ სადილების მზადებას, სახლის მოვლას, ყანაში სიარულს. ამბობს, რომ განათლების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით რელიგიურ უმცირესობებთან ბევრია სამუშაო. დასძენს, რომ ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა და ახალგაზრდები სწავლის გაგრძელებაზე უფრო მეტად ზრუნავენ, მაგრამ ფიქრობს, რომ კიდევ მეტია საჭირო. ამაში კი საკუთარი წვლილის შეტანაც სურს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ისევ განათლების მიღებაზე ზრუნვა დაიწყო.
გურიაში, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, სამივე მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. თუმცა იმ სოფლებშიც კი სადაც მათი მასიური ჩასახლებებია, სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს შორის რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა რაოდენობა ძალიან მცირეა. მასწავლებლების უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე ამბობს, რომ მისი მუშაობის 6 წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოეთქვას:
„კონკურსებში, რომელიც ცხადდება არ მონაწილეობენ. სავარაუდოდ, ნაკლებად აქვთ განათლებაც და მუშაობის სურვილიც“.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც პროფორიენტაციის გაკვეთილები შემოვიდა უფრო ხშირად მიდის ამ თემაზე საუბრები რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებთან:
„ლანჩხუთში შერეული დასახლებები ნიგვზიანსა და ხაჟალიაშია და ხშირად იმართება იქ შეხვედრები. ბავშვები უფრო მეტად გამოთქვამენ სურვილს სწავლის გაგრძელების. თუმცა, აქ კიდევ ერთ პრობლემასთან გვაქვს საქმე – აქედან ნაკლებია მასწავლებლობის მსურველი. მართალია, ბოლო წლებში სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ მაინც არაპრესტიჟულად მიიჩნევა პედაგოგობა და მაინც ნაკლებია პედაგოგობის მსურველი“.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი არ გამორიცხავს, რომ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი და მისაღები იყოს მათი თემის წარმომადგენელი პედაგოგი, რადგან მათ ერთმანეთის საჭიროების შესახებ უფრო მეტი იციან:
„სიმართლე გითხრათ, ამ თემებზე არ გვიმუშავია. თუმცა, ნიგვზიანის და ხაჟალიის სკოლებს ჰქონდათ ამ თემაზე პროექტები და ჩვენ ჩართული ვიყავით. თუმცა, ისე რომ ჩვენი ინიციატივით მომხდარიყო არ ყოფილა. ცოტა ჩაკეტილი თემია და ჩვენგან წამოსულ ინიციატივას შეიძლება კარგად არ შეხვდნენ. თვითონ სკოლებიდან წამოსულ ინიციატივებში ერთვებოდნენ, თუმცა, ზოგადად, ამ ბავშვების მშობლებს არ უყვართ კომუნიკაცია. დილიდან საღამომდე შრომობენ, თავიანთი საქმით არიან დაკავებულები. თუ რაიმეს სთხოვ და დაავალებ ყველაფერს აკეთებენ, თუმცა, თავად რომ ინიციატივა გამოხატონ და რაიმეში ჩაერთონ, არ ხდება“.
ჩოხატაურში 464 ქალი პედაგოგია, რომელთა შორის მხოლოდ 30-ია რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი.
ოზურგეთში მომუშავე 1069 ქალი პედაგოგიდან 25 რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია. ლანჩხუთში კი, 566 ქალი პედაგოგიდან _ არცერთი.