„დღეს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციისთვის სიმბოლოდ იქცა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცინცაძემ. მისი თქმით, 2003 წელს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გაუმართლა და ხელისუფლებაში მოსვლა მარტივად შეძლო, თუმცა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, იმავე სცენარის გახორციელება ვერ გაამართლებს.
„მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მისი ოპონენტი აბსოლუტურად დაუძლურებული ხელისუფლება იყო, რომლის მუშაობით თითქმის ყველა სტრუქტურა უკმაყოფილო იყო. 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს გაუმართლა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება შეძლო. დღეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, მართალია, მოქმედი პარლამენტარები ინტელექტუალური დონით ათჯერ ჩამორჩებიან შევარდნაძის დროს მოქმედ პარლამენტარებს, მაგრამ 2003 წელს სააკაშვილის მიერ გახორციელებული სცენარი ვეღარ იმუშავებს. საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი სცენარი ვეღარ იმუშავებს“.
პოლიტოლოგის თქმით, 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვის სადავეების შენარჩუნება გაუჭირდება.
„ქვეყანაში, სადაც ცხოვრება უფრო და უფრო ძვირდება, საზოგადოება ახალი ლიდერის გამოჩენას ელოდება, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჩანს. 2020 წელს უკმაყოფილო ელექტორატი ფეთქებად ძალად გადაიქცევა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვის სადავეების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება“, _ აღნიშნა ცინცაძემ.