პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პლენარულ სხდომაზე უპასუხებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა დეპუტატს უნდა ჰქონდეს მინისტრისთვის შეკითხვის დასმის უფლება.
„იყო რამდენიმე კომიტეტისგან იმის ინტერესი, რომ მომხდარიყო მოსმენა და შეხვედრა გიორგი გახარიასთან და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს გიორგი გახარიასთან კითხვების დასმის საშუალება. ამისათვის ერთადერთი ფორმატი არის პარლამენტის პლენარული სხდომა. ვფიქრობ, ეს ფორმატი საუკეთესოდ პასუხობს დეპუტატების, კოლეგების ინტერესებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
21 დეკემბერს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მივა და დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მინისტრი ისაუბრებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და მასზე ხელახლა დაწყებული გამოძიებაა.