ოზურგეთში 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი არ გაიმართება, _ აღნიშნულის შესახებ „გურია ნიუსთან“ მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, ქალაქის ცენტრში საახალწლო კონცერტები 28-29 დეკემბერს იგეგმება, რომელიც ფეირვერკებით დასრულდება.
_ 28 დეკემბერს განათდება ნაძვის ხე და ჩატარდება 2-საათიანი კონცერტი. 4-5-6 იანვარს, კულტურის და დასვენების პარკში ბავშვებისთვის იქნება საახალწლო ზღაპარი და უფასო ატრაქციონები. 13 იანვარს, ღამით იქნება „კალანდობა“. ეს ყველაფერი ადგილობრივი ძალებით კეთდება და მოწვეული მომღერლები არ გვეყოლება. 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით ბავშვებისთვის იქნება უფასო სპექტაკლების ჩვენება, _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ.