სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები; უცნობია ხორცის წარმომავლობა, საქონლის დაკვლის ადგილი.
ორგანიზაციები მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან.
„საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს:
ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.
გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;
თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული.
ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.
ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.
ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები.
გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ, დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე : 1501“,_წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.