ღია წერილი პატივსაცემებს: ბიძინა ივანიშვილს, მამუკა ბახტაძეს, მინისტრებს, პარლამენტარებს, გამოკვეთილად ოზურგეთელთა დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს
_ რა ვქნა მერე მე? _ კითხულობს განუმეორებელი მწერლის, ოტია იოსელიანის პიესის (“ადამიანი ერთხელ იბადება”) გმირი მინაგო.
_ რა ვქნა მერე მე? _ ამ კითხვას მინაგო სივრცეს, ომის საშინელებას, საფლავდაკარგულ სამ ვაჟკაცს უსვამს…
მართლაც, რა უნდა ქნას მარტოხელამ, ტკივილით და სევდით სავსე გულმა გულგრილობით, დუმილით დამძიმებულმა ადამიანმა?!
_ რა ვქნა ახლა მე?!_ ამ კითხვას თქვენ რომ ეძახით, იმ “კომუნისტური რეჟიმის” შემდეგ ვიმეორებ ქართველი ქალი, ჟურნალისტი, 180 ლარის პენსიის და 30 ლარის ყოველთვიურად მომლოდინე…
და, აი, პასუხი ტელეეთერის რეკლამებიდან მივიღე: “ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე”.
ეს თქვენ პასუხობთ ღატაკთ, გაჭირვებულთ, შეჭირვებულთ, მიუსაფართ…
კარგია, რომ ზრუნავთ!
მაგრამ…
თქვენმა ასეთმა “მოღვაწეობამ” დამაბნია. ადამიანებზე ვზრუნავთო” _ მე რომ არასდროს მიგრძნია დემოკრატიული საქართველოს ხელისუფალთა ზრუნვა?!
რატომ?!
ვიფიქრე, ვიფიქრე და ასეთი დასკვნა გავაკეთე _ იმიტომ, რომ თქვენთვის მე ადამიანი არ ვარ, თორემ ასეთი თანხის “მფარველობის” ქვეშ დამტოვებდით 79 წლის მარტოხელა ქალს, რომელსაც დროთა უკუღმართობამ “საჩუქრად” წნევა და შაქრიანობა უბოძა?!
ადამიანი რომ არ ვარ, ეს არჩილ თალაკვაძემაც დამიდასტურა _ რამდენჯერ ვთხოვე შეხვედრა, მაგრამ…
კარგი! როგორც იქნა, “მიმახვედრეთ”, რომ ადამიანი არ ვარ!
მაგრამ, თქვენ, ყველაფრის მცოდნენო, ის მაინც მითხარით, ვინ ვარ?!
მხეცი? _ არადა, ტყეში არ ვცხოვრობ.
ფრინველი? _ ცაში არ ვფრენ.
ქვეწარმავებელი? _ ქვემძრომი არ ვარ!
მაინც ვინ ვარ?
მითხარით, სიცოცხლის ბოლოს მაინც გავიგო:
_ ვინ ვარ მე?!
ეთერ ქადეიშვილი,
ყოფილი ჟურნალისტი