ენერგოომბუდსმენმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო და ახსნა-განმარტებას კომპანია „ყაზტრანსგაზისგან“ მოითხოვს. სალომე ვარდიაშვილი ავთანდილის ქუჩაზე შექმნილ ვითარებას გუშინ გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა.
ენერგოომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის კუთხით არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს.
„პირველადი სავარაუდო დასკვნის თანახმად, ბუნებრივი გაზის გაჟონვა და დაგროვება საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოხდა, სადაც ოჯახის წევრები და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებას შპს ,,ყასტრანსგაზისგან” მოითხოვს. თანმიმდევრულად იქნება შესწავლილი კორპუსის ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების პროცედურები. ენერგოომბუდსმენის ინტერესს აგრეთვე წარმოადგენს, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი, რომელსაც იმედია, პასუხი გაეცემა საგამოძიებო უწყების მხრიდან.
ამავდროულად, აუცილებლად მიგვაჩნია, შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის რეგულირება. მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით, არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარმოუდგინა. ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო. ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად. ენერგოომბუდსმენის მიერ საჭირო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, შესაძლებელი გახდება საკითხის ანალიზირება“, – ნათქვამია ენეროომბუდსმენის განცხადებაში.