„ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძესთან იყო გარიგებული, რომლის უვადოდ განმწესებას თავადვე ლობირებდა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ იურისტმა ზაზა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება გაეზარდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებმა “გააპრავეს”.
„იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისმა მოადგილემ სანდო ბარამიძემ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი შეიტანეს, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენის უფლება შეუზღუდეს და აღნიშნული ფუნქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადასცეს, რომლის თავმჯდომარე ლევან მურუსიძე იყო, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გააპრავეს“, _ ამბობს იურისტი.
ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები ყველა შემთხვევაში მოხვდებიან.
„თამაშია ის, რასაც დღეს პარლამენტი ფაციფუცობს. ბიძინა ივანიშვილის ფეოდალურ ხელისუფლებასა და მურუსიძე-ჩინჩალაძეებს შორის დადებულ გარიგებასთან გვაქვს საქმე. შეიძლება პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიაში გვარები შეცვალოს, მაგრამ მასში ნამდვილად მოხვდებიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრები არიან. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაშლელია, რომლის შემადგენლობა ხალხმა უნდა აირჩიოს და არა ფეოდალებმა“,_ აღნიშნა ხატიაშვილმა.