„მმართველობით სისტემაში შეცდომების კასკადია. ქვეყანაში პრობლემები იმდენად შორსაა წასული, რომ მეეჭვება, პროცესები უკან შემობრუნდეს. ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო, თუ გვინდა ქვეყანა ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, „ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემის გაჯანსაღება თითქმის შეუძლებელია, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ჩამოყალიბდეს“.
_ ბატონო დავით, არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომას ითხოვს, რომლებმაც პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიას მხარი დაუჭირეს. როგორ ფიქრობთ, „ქართულ ოცნებაში“ არსებობს ნება იმისა, რომ აღნიშნული პირები სასამართლო სისტემას ჩამოშორდნენ ან სულ მცირე, პრივილეგირებულ თანამდებობებს აღარ იკავებდნენ?
_ საქმე ძალიან მარტივად არის, ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემის გაჯანსაღება თითქმის შეუძლებელია, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ჩამოყალიბდეს. იუსტიციის უმაღლესის საბჭო მოსაშლელია, ხოლო მოსამართლეები _ გამოსაცვლელი. სასამართლო სისტემაში ძალიან ფუნდამენტური რეფორმებია გასატარებელი, რომლის განხორციელება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არის შესაძლებელი.
_ თქვენი შეხედულებით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიაზე უარს არ იტყვის და ოდიოზურ მოსამართლეებს თანამდებობებზე უვადოდ განამწესებს ?
_ შესაძლოა, კოსმეტიკური ცვლილება განხორციელდეს და სიიდან იმ ადამიანების გვარი ამოიღონ, რომელიც ყველაზე მეტად ყივის, მაგრამ პარლამენტი სიას არსებითად არ შეცვლის, რაც არის მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. სასამართლო სისტემაში ასეთი მოსამართლეები რომ არ ყოფილიყვნენ, მაგალითად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ისეთი განაჩენი არ დადგებოდა, რომლის გამოც სტრასბურგმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ისეთი მოსამართლეები, რომლებიც საკუთარ მიზნებსა და სურვილებს შეუსრულებენ.
_ გასაგებია, რომ სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარება ყველა ხელისუფლების მანკიერი სურვილია, მაგრამ ამ ეტაპზე, „ქართულ ოცნებას“ ოდიოზური მოსამართლეების მხარდაჭერა რაში აწყობს? მით უფრო, როცა 2020 წლის არჩევნები კარზე გვაქვს მომდგარი.
_ ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ მოსამართლეების მხარდაჭერა არ გამოადგება. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მომგებიანი სვლა იქნებოდა, რისი შანსიც 2012 წელს გვქონდა, რომ ევროპული ტიპის ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობა ჩამოეყალიბებინა, რომელიც მრავალპარტიულობასა და პლურალიზმს დაეფუძნებოდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ისურვა, რომ სახელმწიფო ისე ემართა, როგორც შპს. მმართველობით სისტემაში შეცდომების კასკადია. ქვეყანაში პრობლემები იმდენად შორსა წასული, რომ მეეჭვება პროცესები უკან შემობრუნდეს. ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო, თუ გვინდა ქვეყანა ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს.
_ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებაში“ გუნდურობა დარღვეულია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, სხვა დეპუტატებთან ერთად, შესაძლოა, „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში დატოვოს. სადამდე მიიყვანს გუნდს ასეთი პროცესები?
_“ქართული ოცნება“, არამგონია, დაიშალოს. პარტიიდან ვიღაცას გარიცხავენ, ვიღაცას მოიყვანენ, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. მმართველი გუნდი კლასიკური ტიპის პარტია არ არის. ამ პარტიის წევრები ერთი ადამიანის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანები არიან, არაფერი ღირებულებითი არ აერთიანებთ. თუ „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელია წავიდა, ის „პატრიოტთა ალიანსის“ ტიპის ფრაქციას შექმნის, რაც „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების ხმათა ნაწილს წაართმევს, რაც მათთვის მომგებიანი არ იქნება.
_ 2012 წლიდან _ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ბევრი პრობლემა დაგროვდა, მაგალითად, შესაძლოა, ციფრებში ეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მაგრამ დადებითი ეკონომიკური ტენდენციები საზოგადოებაზე პოზიტიურად ვერ აისხა. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, 2020 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, რამდენად პერსპექტიული იქნება?
_“ქართულ ოცნებაში“, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, არსებობს საფრთხობელა, რომლითაც მმართველი პარტია მოსახლეობას აშინებს. „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც კი უჭირთ იმის თქმა, რომ მმართველი გუნდი ქვეყანას კარგად ვერ მართავს, ძირითადად, საუბარია იმაზე, რომ მთავარია ხელისუფლებაში ნაცები არ მოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც შეეცდება საზოგადოების ემოციებზე ითამაშოს, თუმცა ამის იქით ვერ წავლენ. დანარჩენი საზოგადოების რეაქციაზე იქნება დამოკიდებული.
_მმართველი პარტია ცილისწამების შესახებ კანონში ცვლილების განხორციელებას გეგმავს. როგორ ფიქრობთ, რაიმე სახით კანონის გამკაცრება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს?
_ კანონის გამკაცრება საჭირო არ არის. ნებისმიერი მიმართულებით კანონის გამკაცრების მოტივაცია მხოლოდ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს, რაც არ არის მხოლოდ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეფასება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული საკითხი საერთაშორისო დონეზეც ანალოგიურად შეფასდება.