გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის დაკავებული დედა გვიან ღამით წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მშობელი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. მას შემაკავებელი ორდერის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომლის მიხედვითაც, ქალს შვილთან კონტაქტი ეკრძალებოდა.
გარდაცვლილი მცირეწლოვანის და-ძმა პოლიციის განყოფილებიდან გვიან ღამით სოციალურმა მუშაკმა თავშესაფარში გადაიყვანა. შეუძლოდ გახდა დაკითხვაზე მისული მამინაცვალი. ის დროებით საავადმყოფოში მოათავსეს.
გოგონას სიკვდილის გამომწვევი მიზეზები ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პოლიციამ გარდაცვლილის მშობლები, ოჯახის წევრები და მოწმეები გამოკითხა.
მეზობლების ინფორმაციით, დედა ბავშვზე სისტემატურად ძალადობდა, თუმცა ამას არ ადასტურებს ბავშვის ბებია და აცხადებს, რომ ბავშვი ბანაობის დროს ტიროდა და მეზობლებს ეს ბავშვზე ძალადობა ეგონათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბავშვზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო და ერთი კვირის წინაც იყო მათ სახლში პოლიცია. მეზობლების თქმით, მათ სამართალდამცავებს ძალადობის შესახებ შეატყობინეს, თუმცა მაშინ ამას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია, წინა შემთხვევაში, ქალი დაკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
რატომ არ დადგა დღის წესრიგში დედისთვის დედობის უფლების ჩამორთმევა, ამას ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი იკვლევს, უწყების ინფორმაციით იმ შემთხვევაში თუ გადაცდომა დაფიქსირდება, ყველა პირი შესაბამისად დაისჯება.
4 წლის გოგონა 2 წლის განმავლობაში სხვა ოჯახში იზრდებოდა, ბოლოს დედასთან, და-ძმებთან და მამინაცვალთან ერთად ნაძალადევის რაიონში ცხოვრობდა.
წყარო: New Post