დეპუტატები, რომელთა მათ შორის არიან: ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, ოთარ ჩრდილელი და დავით ჭიჭინაძე, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ და 2024 წლის დეკემბრამდე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში თანამდებობებზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვენ.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე დეპუტატების ინიციატივას მიესალმება. მისივე თქმით, დღეს სასამართლო სისტემა იმისთვის არ არის მზად, რომ მოსამართლეები თანამდებობებზე უვადოდ განმწესდნენ.
„სასამართლო სისტემა იმისთვის არ არის მზად, რომ კონკრეტული მოსამართლე მთელი ცხოვრება თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნოს. ქართველ საზოგადოებას ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ბაზა სჭირდება იმისთვის, რომ მის წიაღში ისეთი ადამიანები დაჩნენ, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სასამართლო სისტემა შეიძლება ვანდოთ. საკუთარ თავს მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი მოქმედ ხელისუფლებაზე დამოუკიდებლად თვლის, ასე იყო კომუნისტების დროს და ასეა ახლაც.
მართლა მურუსიძესა და ჩინჩალაძეს ხომ არ გადააყოლებთ მთელ სასამართლო სისტემას?! ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, საქართველოში სასამართლოს ებრძვიანო. სასამართლოს კი არა, კონკრეტულად ამ ადამიანებს ებრძვიან, რაც სწორია. თავმოყვარე მოსამართლე, დღეს თამამად იტყოდა, რომ წინა რეჟიმის დროს იძულებული იყო არაკანონიერი განაჩენები გამოეტანა. მოსამართლე, რომელიც ასე არ მოიქცა, ჩემთვის რეჟიმის მსხვერპლი ნამდვილად არ არის“, _ განაცხადა არეშიძემ.
არეშიძეს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ვკითხეთ _ თუ ირაკლი კობახიძის აზრით, ოდიოზური მოსამართლეები გამოსწორდნენ, ამავე ლოგიკის მიხედვით, რატომ არ უნდა გამოსწორებულიყო წინა რეჟიმის შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობა“ ?
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არა, მისი განაყოფი პარტიები ამჟამად გამოსწორების გზაზე დგანან. ამ ადამიანებმა მიდგომები შეცვალეს, თქვეს, რომ არასწორად ვიქცეოდითო, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ პოლიტიკური თამაშის წესებია. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან, რადგან ძალადობა მათი იდეოლოგიის ბუნებაშია“, _ აღნიშნა არეშიძემ.