უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას რუსეთის მოქალაქეებს უკრძალავს. აღნიშნულ ინფორმაციას Unian ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კანონი პარლამენტმა პირველივე მოსმენით დაამტკიცა და მას მხარი 232-ივე დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტის ავტორი უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ირინა ლუცენკოა.
მისი თქმით, დოკუმენტი შემუშავდა უკრაინის საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის საფრთხის შემცირების მიზნით.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევას გეგმავს და საამისოდ მობილიზებული 350 მილიონი დოლარი აქვს.
უკრაინა მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ უკრაინის საარჩევნო პროცესზე დაკვირვებამ შეიძლება გამოიწვიოს არჩევნებზე თავდასხმა დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით, ასევე ამომრჩევლებში ნდობის შემცირება.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების სადამკვირვებლო პროცესის დაკვირვებას ეცდება, რადგან ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ მიიწვია.
განმარტებითი ბარათის მიხედვითვე, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თხოვნით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ქვეყნებს, რომლებიც არჩევნების მონიტორინგს აპირებენ, რომ მონიტორინგის კანდიდატების შერჩევისას სიფრთხილე გამოიჩინონ.