„ქართული ოცნების“ წევრებს, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლებაში ყოფნისა და ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობის დამყარების სურვილი აერთიანებთ, მათ არც საქართველოს ინტერესები, არც ქართული ეკონომიკა, არც საერთაშორისო ურთიერთობები და კონფლიქტების დაძლევაზე ზრუნვა არ ადარდეთ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილი „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით „ძალიან იოლია ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაიშვირო თითი და ყველაფერი მას დააბრალო, რაც ტრადიციად იქცა, მაგრამ ბრალდებებს მტკიცებულებებით დადასტურება სჭირდება“.
_ ბატონო პაატა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გასაწვევა მოითხოვა. პარალელურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში გახორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბრძოლა ბანკის ხელმძღვანელების მიმართ პოლიტიკურად არის მოტივირებული. თქვენ რას უკავშირებთ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?
_ მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელშიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საქართველოში პროგრესს შიდა ძალები ებრძვიან, ნამდვილად შემაშფოთებელია. საბანკო სისტემებში ნაკლებად ვერკვევი, თუმცა ნათლად ჩანს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე პროცესები, პირველ ყოვლისა, საქართველოს რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს. ფაქტია, საქართველოს ეკონომიკის განვითარება დიდი საფრთხის წინაშე დგება. დღეს ძალიან იოლია ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაიშვირო თითი და ყველაფერი მას დააბრალო, რაც ტრადიციად იქცა, მაგრამ ბრალდებებს მტკიცებულებებით დადასტურება სჭირდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აღნიშნულ საქმეში მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო.
_ ოპოზიციურმა სპექტრმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მილიონი ხელმოწერის შეგროვება დაიწყო. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დასთანხმდება ?
_ მმართველ პარტიაში, ჯერჯერობით, სურვილი არ აქვთ, რომ მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდნენ, თუმცა გააჩნია, გაერთიანებული ოპოზიცია როგორ მოიქცევა. თუ ოპოზიცია მოახერხებს, რომ 50 ათასი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანოს, მაშინ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს, მაგრამ ჩანს, რომ საზოგადოებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არ არის პრინციპული საკითხი და ნათელია, რომ აღნიშნული მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ გამოვა. დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში შერეულ საარჩევნო სისტემას შეინარჩუნებს, რაც მათივე პარტიისთვის იქნება დამამძიმებელი გარემოება.
_ “ქართული ოცნების“ ლიდერები ოდიოზური მოსამართლეების მხარდაჭერას კვლავ აგრძელებენ. მართლმსაჯულებათან დაკავშირებული პრობლემები არის საკითხი, რომელსაც საზოგადოება “ქართულ ოცნებას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არ აპატიებს?
_ თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოდიოზური მოსამართლეების მისამართით არაჯანსაღი დამოკიდებულება გაგრძელდება, მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კარგ შედეგს ნამდვილად ვერ მიიღებს. მმართველ პარტიას, ბუნებრივია, სურს თანამდებობებზე მოსამართლეები უვადოდ დროულად განამწესოს, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ მოსამართლეების მხარდაჭერა დასჭირდებათ.
„ქართულ ოცნებას“ სასამართლო სისტემაში ისეთი მოსამართლეების ყოფნა სჭირდებათ, რომლებიც ნებისმიერ გადაცდომას სამართალდარღვევად არ გაუფორმებენ. „ქართული ოცნება“ ასეთი არაგონივრული დამოკიდებულებით, პირველ ყოვლისა, საკუთარ გუნდსა და საქართველოს მომავალს აზარალებს.
_“ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემა მთლიანად ხელისუფლებას ემორჩილებოდა და ფაქტი იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს წინა რეჟიმის მსხვერპლი მოსამართლეების მანტიები მოარგო, რაზე მეტყველებს?
_“ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ გზა აირჩია. ხელისუფლებაში დარჩენის სურვილის გამო მათ სახელმწიფოს ინტერესები აღარ ადარდებთ. მმართველ გუნდს ჰგონია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ჯილდოა, არა, ბატონებო, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. საზოგადოება, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა, ყოველ მანკიერ პროცესს შესაბამის პასუხს გასცემს.
_ მმართველი პარტიის წევრებს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გუნდი ისეთივე “ერთიანი“ იქნება, როგორც დღეს არის?
_ ამჟამად „ქართული ოცნებიდან“ გამოსავალს არავინ ფიქრობს. ახლა ყველა საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს. დღესდღეობით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს გუნდი გაამაგროს. როგორც კი დადგება სიების შედგენის საკითხი, ბუნებრივია, გარკვეული ჯგუფები პარტიიდან კარების გამოჯახუნებით წავლენ. „ქართული ოცნების“ წევრებს, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი და ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობის დამყარება აერთიანებთ. მათ არც საქართველოს ინტერესები, არც საქართველოს ეკონომიკა, არც სიღარიბის დაძლევა, არც საერთაშორისო ურთიერთობები და არც კონფლიქტების დაძლევის გზებზე ზრუნვა და მუშაობა ადარდებთ.