მას შემდეგ, რაც საქართველოში სიგარეტი გაძვირდა, ქვეყანაში, კონტრაბანდული გზით შემოტანილი თამბაქოს ნაწარმით მასობრივი ვაჭრობა დაიწყო.
რუსეთიდან და აფხაზეთიდან შემოტანილი უაქციზო თამბაქო თითქმის ყველგან იყიდება.
როგორც “გურია ნიუსთან” სიგარეტის გამყიდველები ამბობენ, მასზე მოთხოვნა დიდია:
_ რამდენიმე სახეობის უაქციზო სიგარეტი იყიდება, რომლის ფასი 3 ლარს არ აღემატება, _ გვითხრეს ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც უპრობლემოდ შევძელით გვეყიდა კონტრაბანდის გზით შემოტანილი სიგარეტი “ZUMERRET”.
როგორც გავარკვიეთ ამ საკითხს მაკონტროლებელი არ ჰყავს:
_ არავინ გვიკონტროლებს. ან ვინ უნდა გააკონტროლოს _ პოლიციელებიც კი ამ სიგარეტს ყიდულობენ, _ გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ სიგარეტის აქციზზე ფასი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნით გაზარდეს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, ამავე ორგანიზაციის მოთხოვნით ფასი უნდა გაიზარდოს ე.წ. თუთუნზეც, რომლის მოხმარებაც მკვეთრად არის გაზრდილი.
ზოიძე ადასტურებს, რომ სიგარეტის გაძვირებით მწეველთა რიცხვი არ შემცირებულა, თუმცა, იმედოვნებს, რომ თუკი თუთუნიც გაძვირდება, სტატისტიკა შეიცვლება.
ამ ყველაფრის ფონზე “გურია ნიუსმა” იმის გარკვევაც შეძლო, რომ ქვეყანაში კონტრაბანდული თუთუნიცაა შემოტანილი და ფილტრიანი სიგარეტის მსგავსად, ისიც უპრობლემოდ იყიდება.