პროკურატურამ მუქარის შემცველ წერილზე, რომელიც, სავარაუდოდ, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა, გამოძიება იმ მოტივით შეწყვიტა, რომ წერილს პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ აღენიშნებოდა. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა იდენტიფიცირების გარეშე, სწორედ, ე.წ. „ფარატინა ფურცლებზე“ დაწერილი ტექსტები მთავარი მტკიცებულება და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის საფუძველიც კი გამხდარა, მაგალითად, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე.
ანონიმური წერილის საფუძველზე დაიწყო ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის წინააღმდეგ საქმის წარმოება. განათლების სამინისტრომ ვინმე ლავრენტი ქირიას შეტყობინებაზე, რომელიც რეალურად საერთოდ არ არსებობს, რეაგირება 3 წუთში მოახდინა და სკოლის დირექტორის მიმართ დევნა დაიწყო.
საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან?
პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე: „პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ძალოვანი უწყებების მიმართ უნდობლობა არსებობს. როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ მამუკა ხაზარაძემ გახარიასგან წერილი მიიღო, გამოძიებას მოკვლევა აუცილებლად უნდა ჩაეტარებინა, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი განცხადებები საზოგადოებაში აღძრავს ეჭვს იმის შესახებ, რომ ძალოვანი უწყება არის მხარე.
პროკურატურის მიერ მკაცრად და სასწრაფოდ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ არანაირი საბუთი არ გვაქვს და ამიტომ მოკვლევას არ დავიწყებო, ხელისუფლების მისამართით ამყარებს საზოგადოების უნდობლობას. ამის გამო საზოგადოება ქუჩაში არ გამოვა, მაგრამ ის უფსკრული და გაუცხოების პროცესი, რომელიც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჩნდება, სწორედ ასეთი პრობლემების შემდეგ ღრმავდება.
თუ დადასტურდა, რომ ამ წერილზე მართლაც არის შს მინისტრის თითის ანაბეჭდები, ეს ნიშნავს იმას, რომ გახარიას პოლიტიკური ცხოვრება დასრულდება. თუ შს მინისტრის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, იგივე მოელის ხაზარაძეს. ხაზარაძემ, ბუნებრივია, იცოდა და გარანტია აქვს, რომ წერილზე გახარიას ანაბეჭდები არსებობს, სხვა შემთხვევაში, ასეთ რისკზე არ წავიდოდა“,_ ამბობს ექსპერტი.
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური დაბრუნება და კრიზისი „ქართულ ოცნებაში“. ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს რა მისიის შესასრულებლად მოუხდა პოლიტიკაში მეორედ მოსვლა?
„ქართულ ოცნებას“ სერიოზული კრიზისი აქვს საკადრო რესურსის მხრივ. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ენდობა და ვინც მას პრობლემებს არ შეუქმნის. ღარიბაშვილის მოღვაწეობა ორ ეტაპად უნდა დავყოთ. თავის დროზე, როცა ის იყო შს მინისტრი სისტემის მართვა შეძლო. რაც შეეხება პრემიერობას, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ის აღნიშნულ პორტზე საქმიანობას ვერ შეძლებდა.
„ქართულ ოცნებაში“ პარტიის რიგების წმენდა მოხდება, რასაც ღარიბაშვილი თავის თავზე აიღებს, მაგრამ ვინ გაუშვას და დატოვოს, ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, ღარიბაშვილი კარგი შემსრულებელი იქნება. როცა ეს პროცესი დასრულდება, მთავრობის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს და არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი ისევ შს მინისტრის პოსტზე დაბრუნდეს. დღეს, როცა გახარიას პოლიტიკური საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს კიდევ უფრო ნათელია“, _ დასძენს ძაბირაძე.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა „ქართული ოცენება“ 2020 წლამდე დამატებითი სკანდალებისგან თავი აირიდოს? _ ძაბირაძე გვაპასუხობს, რომ საეჭვოა არჩევნებამდე მივაღწიოთ, რადგან ხელისუფლების გააქტიურების გარეშე საზოგადოების პროტესტი ქუჩაში გადაინაცვლებს.
„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პროცესები ქვეყანაში ზვავისებური სისწრაფით ვითარდება. თუ ხელისუფლების მიერ დროზე არ გადაიდგა ნაბიჯები, საეჭვოა, რომ მორიგ არჩევნებამდე მივაღწიოთ და პროცესებმა ქუჩაში არ გადაინაცვლოს. დიდი ალბათობით, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავა და ქუჩაში გადასული პროცესების უკან შემობრუნება ვერც ერთმა ხელისუფლებამ შეძლო“,_ აღნიშნა ძაბირაძემ.