7 მარტს ოზურგეთში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისი გაიხსნა, რასაც მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა დარგის მეწარმეები დაესწრნენ.
პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა იმ სიკეთეების შესახებ ისაუბრა, რითაც, პირველ რიგში, ისარგებლებენ ადგილობრივი მეწარმეები.
_ სავაჭრო პალატას ტრადიციული წარმომადგენლობები ყველა რეგიონში ჰყავს ჯერ კიდევ 1960 წლიდან. გურიაშიც არსებობდა, თუმცა, შემდეგ არსებობა შეწყვიტა და ძალიან კარგია, რომ დღეს რეგიონული ოფისი გუბერნიის შენობაში გაიხსნა. აქ არის გურიაში რიგით მეორე ოფისი, ლანჩხუთის ოფისის შემდეგ. მჯერა, აქ პალატის საქმიანობა წარმატებული იქნება, _ თქვა მან.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გია ებრალიძემ აღნიშნა, რომ აქამდე უნდა გახსნილიყო პალატის რეგიონული ოფისი, რომელიც მნიშვნელოვანია იმით, რომ მეწარმეობის განვითარებას ახორციელებს და ახლა სრულფასოვნად უნდა მოხდეს მისი აღორძინება.
წარსულში სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ავთანდილ სურგულაძემ დასვა კითხვა, პალატას ბიუჯეტიდან დააფინანსდება თუ თვითდაფინანსებით იარსებებს. ქალბატონმა ნინო ჩიქოვანმა განმარტა, რომ ეს იქნება ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაცია, რასაც დარბაზში კმაყოფილებით შეხვდნენ.
ადგილობრივი მეწარმეები პალატის პრეზიდენტს ესაუბრნენ პრობლემებზე, თუ რა აკლია და რა აწუხებს ადგილობრივ ბიზნესს. ნინო ჩიქოვანმა მათ უთხრა, რომ გურიაში ახალი ოფისის ამოქმედება ძალზე მნიშვნელოვანია და დიდი როლს შეასრულებს მეწარმეობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ცალკეულმა მეწარმეებმა ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე, ყველამ ერთად კი გამოხატა სიხარული და იმედი, რასაც რეგიონული ოფისის გახსნა იწვევს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ოზურგეთში მდებარე სამკერვალო საწარმო ,,ოზურგეთი დენიმიც“ დაათვალიერა. საწარმო 2018 წლის ზაფხულში, თურქული ინვესტიციით გაიხსნა და მასში 300-მდე ადამიანია დასაქმებული. სამკერვალო ფაბრიკა ტანსაცმელს საერთაშორისო ბრენდების დაკვეთით კერავს.