ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში ციხის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. 2013 წელს კი, უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას, მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აღნიშნული ციხის პროექტის გადაკეთებაზე საუბრობდა.
სუბარის თქმით, ციხეში, რომელიც 4 500 კაცზე იყო გათვლილი და მისი მშენებლობისთვის გამოყოფილი იყო 60 მილიონი ლარი, ახალი პროექტის მიხედვით, 1 500 პატიმარი განთავსდებოდა.
_ ეს არის საპყრობილის რეჟიმის ციხე, სადაც პატიმარს გარეთ გამოსვლის უფლება მხოლოდ დღეში ერთხელ, ერთი საათით ექნება. თუმცა, რამდენად შესაძლებელია, 4 500 პატიმრის პირობებში ეს, ცალკე თემაა. პროექტის შემცირებასთან ერთად, შემცირდება მისი მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები, რაც მოხმარდება სხვა ახალი და უფრო ღია ტიპის დაწესებულების აშენებას, სადაც აქცენტი გაკეთდება რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე, _ ამბობდა მაშინ სუბარი.
დაპირებისამებრ, ციხის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო.
2017 წლის აპრილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში ციხის მშენებლობის შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, “გურია ნიუსი” წერდა, რომ ლაითურში მაღალი რისკის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც 850 მსჯავრდებულზეა გათვლილი, 2017 წლის ბოლოს დასრულდებოდა.
_ მოეწყობა მაღალი რისკის დაწესებულების შესაბამისი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.
ლაითურის დაწესებულება საქართველოში პირველი მაღალი რისკის დაწესებულება იქნება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აბსოლუტურად დააკმაყოფილებს, _ გვითხრეს მაშინ.
მიუხედავად ამისა, ლაითურის ციხის მშენებლობა დღესაც არ მიმდინარეობს.
“გურია ნიუსი” ციხის მშენებლობის დასათვალიერებლად ადგილზე მივიდა, სადაც ასეთი ვითარებაა _ მშენებლობა კვლავ შეჩერებულია, ხოლო დაწესებულების შესასვლელებთან, როგორც გვერდით, ასევე, წინ მხარეს, დაცვის თანამშრომლები დგანან. ესენი არიან წვევამდელები, რომელთაც აქ მუშაობა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ეთვლებათ და ბევრი ოჯახი, ასევე წვევამდელებიც, კმაყოფილი არიან, რომ მათთვის ასეთი შანსი გაჩნდა.
დაცვის თანამშრომელთაგან ზოგმა გვისაყვედურა ციხის ტერიტორიასთან მიახლოების და ფოტოების გადაღების გამო:
_ ჩვენ ვერანაირ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ _ მიმართეთ პრესსამსახურებს. მშენებლობა თუ არის შეჩერებული, მალე, მაისში განახლდება. აქ იქნება ბევრი სამუშაო ადგილი და ყველაფერი რომ კარგად იქნება, თქვენ თვითონ ნახავთ, _ გვითხრეს მათ და გვთხოვეს, ტერიტორია დაგვეტოვებინა.
ადგილობრივ მცხოვრებთა შორის, საკმაოდ ნახავთ ისეთ ადამიანს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ციხის მშენებლობას არ ამართლებს, თუმცა, საკუთარი ვინაობის დასახელებისგან “გურია ნიუსთან” თავს იკავებენ.
_ ჰკითხეს ვინმეს, მშენებლობა რომ დაიწყეს? სააკაშვილი ვის რას ეკითხებოდა, მაგრამ ესენი რას შვებიან, ვერც ეს რომ ვერ გავიგეთ? ითქვა, მშენებლობა შეჩერდება, მერე გადაკეთდებაო. იყო საუბარი იმაზეც, რომ ლაითურელებს და ასევე, გურიის მოსახლეობას აქ დასაქმების შანსი გაუჩნდებოდათ. რა კუთხით უნდა დასაქმდეს აქ ხალხი? ან რა საჭირო იყო ასეთ მიუდგომელ ადგილზე ასეთი ტიპის დაწესებულების აშენება? ერთადერთი, ეს იქნებოდა და იქნება გზა, სადაც საკმაოდ ბევრი ყოფილი ან პოტენციური დამნაშავე იმოძრავებს. ღმერთმა ქნას, სასიკეთო საქმე გაკეთდეს ამ ციხის მშენებლობით, მაგრამ ხედავთ რაიმეს სასიკეთოს? რა ვიცით, იქნებ, ჩვენ ვერ ვერკვევით, _ გვეუბნებიან ადგილობრივები.
“გურია ნიუსი” პენიტენციალური სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და დაწესებულების მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც პროექტი ექსპერტიზას გაივლის:
“დაბა ლაითურში დაგეგმილია 600 პატიმარზე გათვლილი, დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულების მოწყობა, სადაც პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის შესაბამისი სივრცეები იქნება განთავსებული.
ამჟამად მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების შენობის საპროექტო სამუშაოები, რის შემდეგაც ჩატარდება პროექტის ექსპერტიზა. ექსპერტიზის გავლის შემდეგ, პროექტის მიხედვით, გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები”.